გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის Barclays-ის დელეგაცია მიიღო

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკის, Barclays-ის დელეგაცია მიიღო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ეკონომიკაში უცხოური კაპიტალის მონაწილეობის ზრდის პოტენციალზე. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე "თიბისი ბანკის" აქციების პირველად შეთავაზებაზე (IPO - Initial Public Offering), რომელიც განხორციელდა Barclays Bank PLC და UBS საინვესტიციო ბანკების მონაწილეობით. ხაზი გაესვა იმას, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე კიდევ ერთი ქართული ბანკის აქციების წარმატებული განთავსების შემდეგ, გაიზრდება საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ეს მოვლენა ხელს შეუწყობს, გაზრდის ინვესტორთა ნდობას საქართველოში მოქმედი კომპანიების მიმართ, რაც მათ გაუადვილებს გასვლას კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე და საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.