„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს

„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.საქმე ეხება ფინანსთა მინისტრის ბრძანებას ხორბლის გადაზიდვასთან დაკავშირებით. როგორც პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე აცხადებს, ფინანსთა მინისტრის ბრძანება ხელოვნურ მონოპოლიას ქმნის.

„ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შევიტანთ ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ და შევქმნით პრეცედენტს, რომ მთავრობამ ვეღარ შეძლოს ხელოვნური ბარიერების შექმნა. კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას. ფინანსთა მინისტრის ბრძანება არღვევს ამ პრინციპს და ქმნის ხელოვნურ მონოპოლიას, რომელიც გაუძვირებს პურს საქართველოს მთელ მოსახლეობას და დაანგრევს დღეს არსებულ თავისუფალ კონკურენციას ხორბლის ბიზნესში. ჩვენ ვამზადებთ და შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს ფინანსთა მინისტრის წინააღმდეგ და ეს იქნება არამხოლოდ ამ კონკრეტული ბიზნესის დასაცავად, არამედ შევქმნით პრეცედენტს მომავალშიც, რომ მთავრობა ვეღარ შეებრძოლოს ბიზნესს და ვეღარ შექმნას ხელოვნური მონოპოლია ადამიანების უმუშევრად დატოვების და საქართველოს მოსახლეობისთვის პროდუქტების გაძვირების მიზნით“, - განაცხადა ბაქრაძემ.

ამასთან, „ევროპულმა საქართველომ“ პარლამენტში ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრები დაიბარა.