დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირება მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობისათვის, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება.
ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემის შემოღებით გადასახადი თბილისში საგრძნობლად გაიზრდება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუკი ტარიფი კომერციული პარკირების საფასურს დაუახლოვდება, როგორც ეს ვიცე-მერმა განაცხადა, პარკირების წლიური ხარჯი დაახლოებით 1 500 ლარს მიაღწევს.
მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ აქვთ, მაგრამ რამდენიმე დეტალი უკვე ცნობილია. კერძოდ, მომავალი წლიდან პარკინგის წლიური 50-ლარიანი გადასახადის გარდა, მძღოლებს თბილისის ზოგიერთ უბანში დამატებით საათობრივად მოუწევთ პარკინგის საფასურის გადახდა.
„შეიძლება, აღებული იყოს კომერციული პარკირების საფასური, როგორც მაქსიმალური ზღვარი. როგორც იცით, დღესაც არსებობს კომერციული როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა პარკინგები და მათი საფასური მნიშვნელოვნად აღემატება მუნიციპალური პარკირების წლიურ საფასურს. შესაძლებელია, დაახლოებით ამ ზღვარში იმსჯელოს საკრებულომ", - განაცხადა ხმალაძემ.
გამოდის, რომ რჩება წლიური 50-ლარიანი გადასახადი და შემოდის საათობრივი პარკირების გადასახადი. ადამიანმა 2-ჯერ რომ გააჩეროს მანქანა. დღეში დამატებით 4 ლარს გადაიხდის, რაც თვეში 120 ლარია, ხოლო წლიური გადასახადის მოცულობა 1440 ლარამდე აღწევს. თუ ამ თანხას 50-ლარიან გადასახადს დავამატებთ, პარკირების ხარჯი ყოველწლიურად დაახლოებით 1490 ლარს მიაღწევს. ეს არის საშუალო მაჩვენებელი, სინამდვილეში, მძღოლებს მეტის გადახდაც მოუწევთ. ფაქტობრივად, "სითი პარკის" ქალაქიდან დათხოვნას მძღოლებისათვის არაფერი სასიკეთო არ მოუტანია.
ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ საბოლოოდ რა მოდელს წარმოადგენენ, ჯერ კიდევ გაუგებარია. ცუდი გადაწყვეტილება იქნება, თუ 50-ლარიან გადასახადს ისევ ძალაში დატოვებენ.
„პარკირებაში არის არაერთი პრობლემა, მათ შორის - „უწყინარ სტაიაშიკებთან" დაკავშირებით, როგორც მათ მერიაში უწოდებენ. რეალურად ისინი გადაიქცნენ მიწათმფლობელებად, ვინაიდან ის ფართი, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, საჯარო სივრცეა და „სტაიაშიკების" მიერ არის დაკავებული. წინასწარ თანხას თუ არ გადაუხდი, დასაპარკინგებლად არც გიშვებენ. ამისთვის იყენებენ რკინის ჯაჭვებსა და მინისა თუ რკინის სხვადასხვა კონსტრუქციას. ვფიქრობ, რომ მერიას პირველ ეტაპზე ეს საკითხი აქვს მოსაგვარებელი.
გაცილებით მეტი ფული გვეხარჯება „სტაიაშიკებთან", შეიძლება, 10-ჯერ მეტიც კი წლის განმავლობაში. ვის ინტერესშია და ეს ფული სად მიდის, ჩვენთვის უცნობია. ამ დროს უამრავი შემოღობილი ადგილი აქვთ მითვისებული კერძო თუ იურიდიულ პირებს, რომლებიც თვითნებურად აწესებენ გადასახადს პარკირებისათვის.
გარდა განცხადებისა, რომ იქნება ზონალური თუ საათობრივი გადასახადი, ჩვენ მერიისაგან ველოდებით კონკრეტულ პროექტს. ამის შემდეგ გვეცოდინება, ტარიფები როგორ დაითვლება. აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ მძღოლებს საკმაოდ მაღალი გადასახადის გადახდა მოუწევთ, ხოლო კომერციული პარკინგის ტარიფს თუ დაუახლოვდება, წლიური გადასახადი, სავარაუდოდ, 1500 ლარს მართლაც მიაღწევს და რეალურად შეიძლება, მძღოლებს მეტის გადახდაც მოუწიოთ", - აცხადებს მესხიშვილი და დასძენს, რომ პარკირებასთან დაკავშირებით ცვლილებები არათუ თანამხვედრი, ელემენტარულად, თანმიმდევრულიც არ არის.
„პარკირების სისტემის ცვლდილებები წინ უსწრებს ავტობუსების რაოდენობის შევსებას. როგორც ვხედავთ, პარკირება ძვირდება, ადამიანები შეიძლება, ვერც მივიდნენ ქალაქის ცენტრში მაღალი გადასახადის გამო. ისინი რაღაცით ხომ უნდა გადაადგილდნენ ცენტრალური უბნების მიმართულებით და გარეუბნებშიც, მაგრამ აქ სერიოზული პრობლემები ხვდებათ.
გადაადგილება ძალიან გართულდა, ტრანსპორტი გადატვირთულია, ოქტომბერში ვითარება ამ მხრივ ნამდვილად დამძიმდება. როცა მოქალაქეებს ავტომობილით სარგებლობას უზღუდავ (რაც რეალურად ასეა), მაშინ ალტერნატივას უნდა სთავაზობდე. ამის შესაძლებლობა მოქალაქეებს, საუკეთესო შემთხვევაში, მხოლოდ 2020 წელს ექნებათ მაშინ, როცა 2019 წლიდან უკვე პარკირების გადასახადი უნდა გაძვირდეს. ავტობუსების შემოყვანა არის კარგი, რაც მოგვწონს და ამას ვაღიარებთ, მაგრამ ცვლილებები უნდა იყოს თანმხვედრი მაინც, თუ თანმიმდევრული არა", - აცხადებს მესხიშვილი.
რაც შეეხება პარკირების ახალ მოდელს, ორგანიზაციის „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის" ხელმძღვანელი ეკა ლალიაშვილი ფიქრობს, რომ აუცილებელია ფასიანი პარკირების არსებობა დედაქალაქის უბნებში, რაც შეიძლება, მოქალაქეებისთვის მტკივნეული იყოს, მაგრამ ქალაქისათვის სასარგებლო იქნება.
„მნიშვნელოვანია ისეთი პარკირების სისტემის შემოღება, რაც გულისხმობს ზონირებას. ფასებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, სანამ ეს ოფიციალურად არ გახდება ცნობილი, თუმცა ყველა ევროპულ ქალაქში ასე ხდება: ცენტრალურ ნაწილში ბევრად ძვირი ღირს საათობრივი პარკირება, ვიდრე გარეუბნებში. ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ხედვა ნამდვილად ევროპულია.
ცხადია, ამის პარალელურად აუცილებელია ავტობუსებისა და ტრანსპორტის განვითარება. როცა სახელმწიფო, ერთი მხრივ, მტკივნეულ რეფორმას გაატარებს, მოქალაქეებს ალტერნატივაც უნდა შესთავაზოს. მერიამ უნდა შექმნას ის გარემო, რომ მოქალაქეებისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფრო კომფორტული იყოს და კერძო ავტომობილებით ყოველდღე არ იარონ", - ამბობს „რეზონანსთან" ლალიაშვილი.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"