2017 წელს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატში და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მთლიანად 2 276 974 ლარის სახელფასო დანამატი გაიცა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, დანამატის გაცემის საფუძველი დასაბუთებული არ არის. მეტიც, არც სამინისტრომ და არც დეპარტამენტმა აუდიტის რეკომენდაცია, რომელიც დანამატის გაცემის მიზეზების განმარტებას ითხოვდა, არ შეასრულა.
ფინანსური აუდიტის მიხედვით, 2017 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის და საგზაო დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს დანიშნული ჰქონდა ყოველთვიური დანამატი (შესაბამისად, მინისტრის და დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით). სამინისტროს აპარატში თანამშრომლებზე სულ 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 2,838,130 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 774,739 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 27%-ს შეადგენს.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, საგზაო დეპატრამენტში თანამშრომლებზე სულ 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 4,692,341 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 1,502,235 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 32%-ს შეადგენს.
„საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. ხოლო ერთი ბრძანების საფუძველზე, წინასწარ, მთელი წლის განმავლობაში დანამატის დანიშვნა თანამდებობრივი „სარგოს ხასიათს უფრო ატარებს, ვიდრე დანამატის, რაც გამართლებულ პრაქტიკად ვერ ჩაითვლება.
დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული. სამინისტროს აპარატში დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას ფაქტობრივად წლის განმავლობაში საშუალოდ დასაქმებულთა რიცხოვნობა ჩამორჩება 31%-ით, დეპარტამენტში - 12.5%-ით. დაგეგმვის ეტაპზე საშტატო რიცხოვნობა მნიშვნელოვნად არ უნდა აჭარბებდეს წლის განმავლობაში ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობას, რადგან არასწორად დაგეგმვის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიების ათვისება ან გადანაწილება მუხლს შიგნით, პრემიებისა და დანამატების გასაცემად, არ შეიძლება კარგ პრაქტიკად ჩაითვალოს“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტმა სამინისტროს და გზების დეპარტამენტს შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია მისცა. აუდიტი მოითხოვდა, რომ უწყებებმა შრომის ანაზღაურების სისტემისა და საკადრო პოლიტიკის გამჭვირვალობის გაუმჯობესების მიზნით, სახელფასო დანამატები გასცეს ინდივიდუალური შემთხვევებიდან გამომდინარე, მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის, რომლის საფუძველიც დეტალურად უნდა დასაბუთდეს. თუმცა ეს რეკომენდაცია არც გზების დეპარტამენტმა და არც სამინისტრომ არ შეასრულა.