სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის გამო 36 მეწარმე პასუხისგებაში მიეცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის გამოყენების 36 ფაქტი სამსახურის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

სამსახურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმე სუბიექტები სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის პროცესში, დამკვეთი ორგანიზაციის მოთხოვნების დაკმაყოფილების და გამოცდილების დადასტურების მიზნით, სხვადასხვა სახის ყალბ დოკუმენტებს წარადგენდნენ. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა 27 მეწარმის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით დაიწყო.

„პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა ფაქტები, როდესაც სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სუბიექტებს შორის ადგილი ჰქონდა წინასწარ შეთანხმებას და გარიგებას ტენდერზე წარსადგენ ფასებთან მიმართებაში. აღნიშნულმა ქმედებამ, შემსყიდველი ორგანიზაციების კანონიერი ინტერესის არსებითად დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 195-ე პრიმა მუხლით, პასუხისგებაში მიეცა 9 მეწარმე სუბიექტი“, – აცხადებენ სამსახურში.