„საპარტნიორო ფონდის“ ორგანიზებით, საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების III კონფერენცია გაიმართა

„საპარტნიორო ფონდისა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს“ ორგანიზებით, სასტუმრო „ბორჯომი ლიკანში“ საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების III კონფერენცია გაიმართა და სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და გამოცდილების გაზიარებაა. სემინარზე განიხილეს ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს ურთიერთობების პერსპექტივები, საქართველოს მნიშვნელობა აბრეშუმის გზის პროექტში და ძიანგსის პროვინციის როლი საქართველოს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, საქართველოში ჩინეთის ელჩმა ძი იენჩიმ, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშემწყობი საბჭოს პრეზიდენტმა ჟენ კუოძინმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვლმა, „აწარმოე საქართველოს“ დირექტორმა მიხეილ ხადურელმა და კონფერენციის სხვა დელეგატებმა. კონფერენციის ფარგლებში დამსწრე კომპანიების საიმიჯო რგოლების, მათ შორის, თბილისის ზღვის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონფერენციაში საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ასევე, ქვეყნის ენერგეტიკის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, მრეწველობისა და სხვა სფეროებში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ჩინური მხრიდან, კონფერენციას დაესწრნენ ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობისა და ათობით ბიზნეს კომპანიის წარმომადგენელი, აგრეთვე, საქართველოში მოღვაწე ჩინური კორპორაციების ხელმძღვანელი პირები.

„ჩვენი ქვეყანა, როგორც ევროპისა და აზიის ბაზრებს შორის დამაკავშირებელი ხიდი, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ხოლო, აბრეშუმის გზის პროექტი კიდევ უფრო აახლოებს ჩვენს ქვეყნებს და საქართველო ხდება ევროპისა და ჩინეთის კარიბჭე უზარმაზარი პოტენციალით. დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივმა ღონისძიებებმა გაამართლა. „საპარტნიორო ფონდმა“ და ძიანგსის პროვინციის ხელმძღვანელობამ მოვახერხეთ, რომ დღეს მჭიდრო და პერსპექტიული კავშირები არსებობს ჩვენს ქვეყნებს შორის. უდიდესი მიღწევაა, რომ დღეს მილიარდნახევრიანი ქვეყნის ძიანგსის პროვინციაში ყველაზე დიდი ქართული კულტურის ცენტრი არსებობს, რომელიც 16 000 კვ.მ-ს მოიცავს და ქართულ პროდუქციას პოპულარიზაციას უწევს. ამავე პროვინციის ბევრმა წარმომადგენელმა საქართველოში ბიზნესი დაიწყო და ასობით ქართველი ჰყავთ დასაქმებული”, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) სპეციალურმა წარმომადგენელმა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“ ინიციატივის პროექტებში, დავით საგანელიძემ.

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის განაცხადებით, ნოემბერში, ქალაქ შანხაიში ექსპორტ-იმპორტის გამოფენა მოეწყობა. ძი იენჩის თქმით, გამოფენის მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იქნება.

საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონფერენცია წელს უკვე მესამედ გაიმართა. ტრადიციას საფუძველი „საპარტნიორო ფონდმა“ ჩინელ კოლეგებთან ერთად ჩაუყარა. წელს სემინარის თანაორგანიზატორი ძიანგსის პროვინციის შპს „აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიაა“.

„საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენების განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კონფერენცია ხელს უწყობს საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას სხვადასხვა მიმართულებით. მაღალი რანგის ორმხრივი სამთავრობო ვიზიტები ორ ქვეყანას შორის ახლო თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.