„აუდიმ“ ელექტრული ქროსოვერი „ტესლას“ მოედანზე წარმოგვიდგინა

პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია „აუდიმ“ თავის უახლეს ელექტრულ ქროსოვერ „e-ტრონის“ მსოფლიო პრემიერა შეერთებულ შტატების ქალაქ სან ფრანცისკოში ჩაატარა.

წარდგენისას ასევე გამოცხადდა, რომ გერმანულ კომპანიას ელექტრომობილების გაყიდვებში პარტნიორობას „ამაზონი“ გაუწევს, რომლის ქსელიც, „e-ტრონის“ მყიდველს დასამუხტ სისტემებს შესთავაზებს.

ელექტრომობილის პირველად ამერიკაში წარდგენის მიზეზი ისაა, რომ ეს ავტომობილი პირველ რიგში ამერიკული ბაზრისთვის არის განკუთვნილი. პირველად ის სწორედ ამერიკულ ბაზარზე, მომავალ წელს შევა და იქ 75 795 დოლარი ეღირება. ოღონდ, საგადასახადო შეღავათის სახით, 7 500 დოლარი გამოაკლდება.

სწორედ ამერიკა, კონკრეტულად კი შტატი კალიფორნიაა ის ადგილი, სადაც ბაზირებულია ელექტრომობილების მწარმოებელი „ტესლა“. იქ ელექტრომობილები ყველაზე მეტად იყიდება და ამის გამო, ფეხის მოკიდებას „აუდის“ გარდა, პრემიუმ ავტომობილების სხვა ევროპელი მწარმოებლები - „დაიმლერი“, „ბეემვე“, „იაგუარ ლენდ როვერი“ და „ვოლვო“ ცდილობენ.

„e-ტრონის“ მთავარი პარამეტრი, რომელიც „აუდის“ დილერებს აინტერესებთ, არის სვლის სიშორე ერთ სრულ დამუხტვაზე. „აუდიმ“ გამოაცხადა, რომ ამერიკული სტანდარტებით, შესაბამისი ტესტები ჯერ არ ჩაუტარებია, თუმცა ევროპაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ „e-ტრონის“ სვლის სიშორე 400 კილომეტრს აღწევს.

„e-ტრონის“ ელემენტების ბლოკის ტევადობა 95 კილოვატსაათია. შედარებისთვის, „ტესლას“ ელექტრული ქროსოვერ „მოდელ X-ის“ ელემენტების ბლოკი 100 კილოვატსაათ ელექტრულ ენერგიას იტევს, რითაც 475 კილომეტრს გადის. თუმცა ამერიკული კომპანია თავის ქროსოვერს უფრო მცირე (75 კილოვატსაათი) ტევადობის ელემენტების ბლოკითაც გამოდის.

საინტერესოა, რომ ილონ მასკმა სწორედ „e-ტრონის“ პრეზენტაციას დაამთხვია თავის აეროკოსმოსურ კომპანია „სპეის X-ის“ ღონისძიება ლოს ანჯელესში, რომელზეც თავისი კომპანიის პირველი მგზავრის ვინაობა დაასახელა. იქვე გამოცხადდა, რომ ის მთვარეს 2023 წელს შემოუფრენს.

„e-ტრონის“ გაბარიტებია: სიგრძე 4 902 მილიმეტრი, სიგანე 1 938 მილიმეტრი, სიმაღლე 1 664 მილიმეტრი. ამ მონაცემებით, ის Q5-სა და Q7-ს შორის ექცევა. სალონში ხუთი სავარძელია, საბარგულის მოცულობა კი 600 ლიტრს აღწევს. ავტომობილი „აუდის“ ქროსოვერების სტილშია შესრულებული.

„აუდი e-ტრონის“ მოძრაობას ორი ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს, რომელთა ჯამური სიმძლავრე 360 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 561 ნიუტონმეტრი. რეჟიმ ოვერბუსტის ჩართვისას, სიმძლავრე 8 წამით აღწევს 408 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი - 660 ნიუტონმეტრს. ერთი ძრავი უკან ბორბლებს ემსახურება, მეორე კი - წინებს. ეკონომიურ რეჟიმში მოძრაობის დროს კი მხოლოდ უკან განლაგებული ძრავი მუშაობს.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, „e-ტრონს“ ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის 5.5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე 200 კმ/სთ-ია. 11-კილოვატიანი დასამუხტი სისტემით, ელემენტების სრულად შევსებას 8.5 საათი სჭირდება, 150-კილოვატიანი სისტემით კი ელემენტების 80 პროცენტით შევსებას, ნახევარი საათი ჰყოფნის.