ნავთობპროდუქტებსა და გაზზე შესაძლოა, აქციზის გადასახადი შემცირდეს. აღნიშნულის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
პროექტის ავტორი პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილია.
კერძოდ, პროექტის მიხედვით, საქართველოში მოპოვებულ და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებსა და გაზზე აქციზის გადასახადი განახევრება, რაც ნიშნავს 2017 წლამდე არსებული დაბეგვრის განაკვეთების აღდგენას.
„კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ნავთობპროდუქტებსა და გაზზე ფასების შემცირება. ვინაიდან ნავთობი და გაზი გამოიყენება სხვა პროდუქტების წარმოებაშიც, ფასები სხვა პროდუქტებზეც დაიწევს. შემოთავაზებული კანონპროექტით იხეირებენ როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ასევე თითოეული მოქალაქე, რომელიც საკუთარ შემოსავალს დაზოგავს ან გაზრდის მოხმარებას სხვა პროდუქციაზე.
კანონპროექტი გავლენას ახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, სახელმწიფო საბიუჯეტო შემოსავლები სხვა თანაბარ პირობებში დაახლოებით 310 მილიონი ლარით შემცირდება. 2017 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მოცემული გადასახადებიდან მთლიანმა შემოსავლებმა 514.8 მლნ ლარი შეადგინა.
მოცემული გადასახადიდან შემოსულობებს არ ახასიათებს მუდმივი ზრდის ტენდენცია, ვინაიდან დამოკიდებულია მრავალ სხვა ფაქტორზე. გაკეთებულია დაშვება, რომ 2018-2019 და მომდევნო წლებში მოცემული გადასახადიდან საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება ოპტიმისტური 10%-ით. რაც გულისხმობს იმას, რომ 2018 წელს საშემოსავლო ნაწილი ნავთობპროდუქტებიდან და გაზიდან იქნება 565 მლნ ლარი, ხოლო 2019 წელს 622 მლნ ლარი. მოცემული გადასახადის განახევრება 2019 წელს ნიშნავს 622 მლნ ლარის 50%-ით შემცირებას. იგივე ეხება მომდევნო წლების დაგეგმვას,“-აღნიშნულია კანონპროექტში.