„ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესების პროექტები ქართულ ეკონომიკას მილიარდობით ზარალს მოუტანს“- ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის“ წევრი ირაკლი კუპრაძე მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის დასკვნებზე დაყრდნობით, „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
კიდევ ერთი დიდი ბოროტების შესახებ. დღეს მსოფლიო ბანკმა და სულ ცოტა ხნის წინ სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნეს თავისი დასკვნა გიგანტურ ჰესებთან მიმართებით: ნენსკრა ჰესი; ნამახვანი და კორომხეთი ჰესები. ორივე ინსტიტუტის მოსაზრებები იდენტურია, რასაც მოკლედ ჩამოვთვლი.
მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი, რომელიც ჰესების პროექტების თანადამფინანსებლები უნდა ყოფილყვნენ, ამბობს:
სამივე ეს პროექტი მილიარდობით ზარალს მოუტანს ქართულ ეკონომიკას. ზარალის მიზეზი სახელმწიფოს მიერ ინვესტორებთან დადებული კაპიტულანტური და კაბალური ხელშეკრულებებია. სადაც სახელმწიფო დაზარალებული რჩება და ინვესტორი ასმაგად მოგებული. ჰესების აშენების შედეგად ქართული მოსახლეობა მიიღებს ელ.ენერგიას უფრო ძვირად ვიდრე აქამდე იღებდა და ტარიფი 15%-ით გაიზრდება, რაც მოსახლეობას მძიმედ დააწვება.
თუ ამ პროექტების დანაშაულებრივი ხელშეკრულებები არ გადაიხედა სახელმწიფო ბიუჯეტი 2041 წლამდე ყველაზე მცირე 6 მილიარდნახევარ ლარს დაკარგავს. ჩამოთვლილი ჰესების ელ.ენერგიის ტარიფის ღირებულება ორჯერ უფრო ძვირი იქნება ვიდრე იმპორტირებული ელ.ენერგია მაგალითად: აზერბაიჯანიდან. ასეთი მაღალი ტარიფით ენერგია არცერთ ჩვენს მეზობელს არ ჭირდება და მისი ექსპორტზე გატანაც დიდი ტყუილია.
ინსტიტუტები ამბობენ, რომ ენერგოდეფიციტზე საუბარი სპეკულაციაა და ჩამოთვლილი ჰესების აშენებით ელ.ენერგია ჭარბი ოდენობით იქნება, რისი შესყიდვაც ხელშეკრულების მიხედვით - მიზნობრიობის გარეშე მოუწევს სახელმწიფოს და ამით დააზარალებს ბიუჯეტს. მხოლოდ ნენსკრაჰესთან მიმართებით სახელმწიფომ 34 წლის განმავლობაში უნდა შეიყიდოს გამომუშავებული სიმძლავრე და შემდეგ გადაყიდოს უფრო ძვირად მოსახლეობაზე.
ნენსკრაჰესთან მიმართებით სახელმწიფო იღებს უსამართლო და გაურკვეველ ვალდებულებას: თუ ინვესტორი ვერ მიიღებს მოგებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კომპენსაციის სახით მილიარდ დოლარამდე თანხა უნდა გადაეცეს მფლობელ კომპანიას. ამ დეტალების მიღმა, ორივე ინსტიტუტი საუბრობს, რომ საქართველო მიიღებს ჭარბ და ძვირ ელექტროენერგიას, რაც ჩვენს ეკონომიკას და ბიზნეს სექტორს მძიმედ დააზარალებს.
დოკუმენტში არ არის დაანგარიშებული ზიანის სახით ღირებულება იმ დაძირული, განადგურებული სოფლებისა, ლოკალური ეკოსისტემების, ეკოლოგიური კატასტროფის, რაც ამ რეგიონებში მოხდება ჩამოთვლილი პროექტების განხორციელების შემთხვევაში. გასახლებული და მიტოვებული მოსახლეობა. ყველაფრის ადეკვატური გაანგარიშების მიხედვით ზიანი ათეულ მილიარდს გადასცდება და გამოუსწორებელ შედეგებად მოინიშნება ჩვენს ისტორიაში.
მოკლედ, ვისაც არ გჯეროდან წლების განმავლობაში მწვანე მოძრაობის თუ ორგანიზაციებისა და აქტივისტების, ეს მაინც გადაიკითხეთ. ამ დღიდან ენერგოდეფიციტზე, სარგებლიანობაზე და სახელმწიფო ინტერესებზე აპელირება ჩაითვლება პირდაპირ არაკაცობად.
ამის მიღმა: უნდა დაისვას კალაძის პაუხისმგებლობის საკითხი, რომელმაც ეს ხელშეკრულებები გააფორმა, ასევე კბილებით იცავდა ბიძინას საპარტნიორო ფონდის ინტერესებს, როგორც ენერგეტიკის მინისტრი. აქტივისტებს მოსყიდულებს გვეძახდა, როცა ავტოსტოპით და მშივრები ჩავდიოდით რეგიონებში მოსახლეობის მხარდასაჭერად. თვითონ კი ჰიდოსექტორში ბიზნესინტერესებს ადამიანთა განადგურების და გაუბედურების ფასად იცავს. დაისვას ყველა იმ ენერგეტიკოსის, გაყალბებული ექსპერტული დასკვნების ავტორებისა და ქოცთგამპრავებელი ეკონომისტების პასუხისმგებლობის საკითხი.
სოლიდარობა სვანეთს, სოლიდარობა რაჭას, სოლიდარობა ზემო აჭარას და ყველა რიგით მოქალაქეს ამ დიდი ბოროტების წინააღმდეგ, რასაც მტაცებელი სახელმწიფო და ხელისუფალი ქვია,“ - წერს კუპრაძე.