„500-მდე დაწესებულების მონიტორინგის შედეგად, 96%-ში დაცულია კანონის მოთხოვნა შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით"

500-მდე დაწესებულების მონიტორინგის შედეგად, 96%-ში დაცულია კანონის მოთხოვნა შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზოიძემ განმარტა, ამ კონტექსტში საუბარია რესტორნებზე, ბარებზე, სასტუმროებზე და სხვა საზოგადოებრივ ადგილებზე.

მისივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 85% მხარს უჭერს შენობებში თამბაქოს მოწევის აკრძალვას, მათ შორისაა მწეველთა 60%-ზე მეტი.

“ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს აქვს უპირობო მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც საზოგადოების დაკვეთას ემსახურება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დამატებითი ცვლილებები ხორციელდება, რომელსაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით იხილავს.