სურამში მოკლული ბიზნესმენის ოჯახი სასტუმროს მშენებლობას იწყებს - როდის მიიღებს სასტუმრო პირველ სტუმარს

სურამში, ბაიანთხევში სასტუმროს მშენებლობა რამდენიმე დღეში დაიწყება. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ბიზნესმენმა ჯულია ანტილოგოვამ განუცხადა.საუბარია სასტუმრო „სურამი პალასზე“, რომლის მშენებლობასაც ადგილობრივები აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ინვესტორს აღნიშნულ ტერიტორიაზე ტყის გაჩეხვა სურდა.

დაპირისპირების გამო სასტუმროს ინვესტორი, ბიზნესმენი მამია ბითაძე მოკლეს. შემთხვევა 29 მაისს მოხდა და მაშინ არსებული ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სანიაღვრე სისტემის გარშემო კონფლიქტს უკავშირდებოდა. სანიაღვრე სისტემის მოწყობა სასტუმროს მშენებლობის დაწყებამდე უნდა მომხდარიყო.

დღეს კი, როგორც მამია ბითაძის წარმომადგენელი ჯულია ანტილოგოვა „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა აუცილებლად დაიწყება და თანაც, სულ რამდენიმე დღეში.

მისივე თქმით, ადგილობრივების ნაწილი საჩივრების წერას ახლაც აგრძელებს. „თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში გვაქვს გაკეთებული, მათ პროტესტს აზრი არ აქვს“, - აცხადებს ანტილოგოვა.

bpn

ამასთან, ბიზნესმენი აღნიშნავს, მოსახლეობის ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან იქ არც ტყის გაჩეხვა იგეგმება და არც ადგილობრივი საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის სეგმენტის წართმევა.

ცნობისათვის, 906 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელზეც მამია ბითაძე 5- ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა, მან გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართულ აუქციონზე 275 000 ლარად შეიძინა.

„მოსახლეობა დღემდე აგრძელებს საჩივრების შეტანას, მაგრამ არცერთი არ დაკმაყოფლებულა, რადგან კანონიერად მოხდა ყველაფერი და ეს ქონება აუქციონის გზით შევიძინეთ. შესაბამისად, არანაირი დარღვევა არ არსებობს. 5-კაციან მიტინგებს მართავენ, მაგრამ ყურადღებას აღარავინ აქცევს. ხალხი უკვე გაერკვა სიტუაციაში და გაიგეს სიმართლე, რომ ტყის გაჩეხვა და ა.შ მხოლოდ ჭორებია. ვისაც რალურად აინტერესებდა სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული გეგმები, ჩემთან იყვნენ მოსულები და დეტალურად გავაცანი პროექტი. ახლა უკვე მათი უმრავლესობა ჩვენს მხარეზეა.

რალურად რომ შეხედოთ, ამ მოცულობის ინვესტიციას ვდებთ, არის სამკურნალო კურორტი და ხალხი ამის გამო ჩამოდის, რატომ უნდა გავჩეხო ტყე?! მაშინ ეს სასტუმრო იქ არ მჭირდება ხომ?! მათი არგუმენტი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ ეს სასტუმრო დოლარებს მოგვიტანს და მათ არაფერს, ვისაც საოჯაო სასტუმროები აქვთ. სინამდვილეში, მათ სხვა სეგმენტი ჰყავთ და მე - სხვა.

აქამდე შეფერხებები იყო ნებართვებთან დაკავშირებით, რადგან დოკუმენტაცია სამართლოში იყო შეტანილი. საბოლოოდ, სამშენებლო ნებრათვა უკვე გაიცა და სავარაუდოდ, 1-ელ ოქტომბერს უკვე დაიწყება სამუშაოები. გახსნა კი 2019 წლის მარტში იგეგმება, შესაბამისად, პირველ სტუმარსაც მაგ პერიოდისთვის მივიღებთ“,-აცხადებს ჯულია ანტილოგავა.

მისივე თქმით, მამია ბითაძის გარდაცვალების შემდეგ სამშენებლო საქმიანობას თავად გააგრძელებს და სასტუმროს მენჯმენტსაც განახორციელებს. (ჯულია ანტილოგოვა მამია ბითაძის რძალია).

„მე ვარ ინვესტორი და სასტუმროს მართვასაც ჩვენ განვახორციელებთ. სასტუმროს პროექტი იგივეა, უბრალოდ, სახანძრო უსაფრთოების ზომების გამკაცრებამ ინვესტიციის მოცულობა გაზარდა. ხარჯი 300 000 დოლარით გაგვეზარდა. მთლიანად სასტუმროს მშენებლობაზე კი 2 მილიონი დოლარი დაიხარჯება“,-აცხადებს ჯულია ანტილოგავა.

მისი ინფორამციით, სასტუმრო 4 სართულიანი იქნება, სადაც 36 ნომერი განთავსდება. აქედან 26 სტანდარტული, ხოლო 8 VP ნომერი იქნება.

ნინი ქეთელაური