როგორც ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განაცხადა, სამორინეების გარდა, მოწევა ყველა სათამაშო დაწესებულებაშია აკრძალული, თუმცა, ახლა სათამაშო ბიზნესი ითხოვს, რომ მოწევა ყველა სათამაშო დაწესებულებაში დაუშვან.
„ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავით იმ გამონაკლისის, რომელიც სამორინეებს ეხებოდა. იყო ასეთი დათქმა, რომ ესაა დროებითი ღონისძიება, გარკვეული პერიოდის შემდეგ სამორინეებშიც აიკრძალებოდა მოწევა. პირიქით გამოვიდა. სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ წარმოადგინა წინადადება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მოიხმო არგუმენტი, რომ თითქოს მათ დაკარგეს კლიენტები, მოაკლდათ შემოსავლები“, - განაცხადა ბახტურიძემ.
მისი თქმით, სინამდვილეში სათამაშო ბიზნესის შემოსავლები მზარდია. როგორც ბახტურიძე აღნიშნავს, საქართველოს პარლამენტის წევრის ისკო დასენის ვაჟს „კრისტალ ბეთის“ წილი აქვს და სწორედ ის ლობირებს სათამაშო ბიზნესს.
„ჩვენ ამ პროცესს მივყევით და გამოვიკვლიეთ, რომ ამ სათამაშო ბიზნესის დამფუძნებელი არის „კრისტალ ბეთი“, რომელშიც წილი აქვს პარლამენტის ამჟამინდელი წევრის, ისკო დასენის ოჯახის წევრს - მის ვაჟს. „კრისტალ ბეთი“ არის წამყვანი ძალა, რომელიც ამ ინტერესებს ლობირებს“, - განაცხადა ბახტურიძემ.
მისივე თქმით, დაწყებულია თამბაქოს შესახებ კანონის ჭრა-კერვა და „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ საპროტესტო აქციების გამართვასაც არ გამორიცხავს.