ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეზღუდვები ერთი წლით გადავავადოთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გეზ-ის ტერიტორიაზე ხორბლის იმპორტიორ მძღოლებთან განაცხადა.
მინისტრის თქმით, თუ რა ფორმით მოხდება შეზღუდვების ამოქმედება სამომავლოდ, მოლაპარაკების საგანია.
"გადავადდა 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ჩვენ გავითვალისწინეთ, რასაკვირველია, ჯანოს ასეთი ემოციური გადაწყვეტილება. მადლობაც გადავუხადეთ, რომ მოგვისმინა ჩვენ და ჩამოვიდა. ამავდროულად, გავითვალისწინეთ ყველა მძღოლის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ერთი წლით გადავავადოთ ამ შეზღუდვის ამოქმედება, ხოლო ამის შემდეგ მომავალში შეზღუდვა იქნება სეზონური თუ სხვა ტიპის, ერთად გავივლით მძღოლებთან. ერთი წელი საკმარისზე მეტი ვადაა, რომ ჩვენ სამომავლოდ ისე გავაკეთოთ, რომ ეს ხალხიც არ დარჩეს ქუჩაში, მაგრამ ყოველწლიურად მზარდი ტურისტული ნაკადიც ასევე, შევინარჩუნოთ და არ ვავნოთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის 22 აგვისტოს ბრძანებით, ხორბლის იმპორტიორებს სახმელეთო გადაზიდვები სრულად აეკრძალათ. ბრძანების მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და სიმინდის შემოტანა ან გატანა მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით არის დასაშვები. ახალ რეგულაციებს, რომელიც ძალაში 15 სექტემბერს შევიდა, სატვირთო ავტომობილების მძღოლები ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან რამდენიმე დღის განმავლობაში აქციებით აპროტესტებდნენ. დღეს ერთ-ერთი მძღოლი, ჯანო ამყოლაძე, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, აქციაზე თავის დაწვითაც იმუქრებოდა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში გეზ-ის ერთ-ერთი შენობის სახურავზე იყო ასული, საიდანაც მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც აქციაზე ფინანსთა მინისტრი მივიდა.