ლილოში, გეზ-ის ტერიტორიაზე შეკრებილმა ხორბლის იმპორტიორმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია შეწყვიტეს.როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ჯანო ამყოლაძემ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, აქციის სხვა მონაწილე მძღოლებს განუცხადა, ხორბლის იმპორტთან დაკავშირებული შემზღუდავი რეგულაციების ამოქმედება ერთი წლით გადავადდა, ხოლო პირობების შეცვლაზე ისინი ერთი წლის განმავლობაში სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ.
"4 დღეა აქ თქვენთან ერთად ვდგავარ. დღეს ჩემი ნაბიჯებიც ჩვენი საერთო პრობლემების გადასაჭრელად გადავდგი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ დავბრუნდეთ ჩვენს ადგილებზე და ვიმუშავებთ. პირობა ასეთია, რომ სანამ ვიქნებით, ვიმუშავებთ.
ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ამ პირობებით გავაგრძელებთ მუშაობას. ერთი წლის შემდეგ პირობები გადაიხედება და თუ არ იქნება ჩვენთვის მისაღები, ისევ გამოვალთ ქუჩაში," - განაცხადა ჯანო ამყოლაძემ, რომელიც დღეს აქციაზე ბენზინის გადასხმით და თავის დაწვით იმუქრებოდა.
აქციის მონაწილე მძღოლებისთვის აღნიშნული პირობა მისაღები აღმოჩნდა, რის შესაბამისადაც მათ აქცია შეწყვიტეს.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის 22 აგვისტოს ბრძანებით, ხორბლის იმპორტიორებს სახმელეთო გადაზიდვები სრულად აეკრძალათ. ბრძანების მიხედვით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და სიმინდის შემოტანა ან გატანა მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით არის დასაშვები. ახალ რეგულაციებს, რომელიც ძალაში 15 სექტემბერს შევიდა, სატვირთო ავტომობილების მძღოლები ლილოში მდებარე გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან რამდენიმე დღის განმავლობაში აქციებით აპროტესტებდნენ. დღეს ერთ-ერთი მძღოლი, ჯანო ამყოლაძე, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, აქციაზე თავის დაწვითაც იმუქრებოდა. ის რამდენიმე საათის განმავლობაში გეზ-ის ერთ-ერთი შენობის სახურავზე იყო ასული, საიდანაც მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც აქციაზე ფინანსთა მინისტრი მივიდა.