ჩინეთი ექსპორტის წასახალისებლად ვალუტის გაუფასურებას არ აპირებს

ჩინეთი იქამდე არ დაეშვება, რომ საკუთარი ვალუტის დევალვაცია, ექსპორტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად გამოიყენოს.

ეს განცხადება ქვეყნის პრემიერმა ლი კექიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ჩინეთმა აშშ-ის ახალი ტარიფების საპასუხო ნაბიჯი გადადგა.

ქალაქ ტიანძინში გამართულ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, ლის არ უხსენებია აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი, თუმცა განაცხადა, რომ მტკიცება იმისა, რომ ჩინეთი გამიზნულად აუფასურებს თავის ვალუტას, „უსაფუძვლოა“.

„იუანის ცალმხრივი გაუფასურება უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ხეირისა. ჩინეთი არასდროს დაადგება იმ გზას, რომ დამოკიდებული იყოს იუანის გაუფასურებით ექსპორტის სტიმულირებაზე“, - ამბობს ლი და დასძენს, რომ „ჩინეთი არ დახარბდება მცირე მოგებას და ცოტაოდენ დოლარს“.

ლი დასძენს, რომ მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს მრავალმხრივ სავაჭრო ურთიერთობებს და ვაჭრობის საქმეებში ცალმხრივი ჩარევებით, პრობლემების მოგვარება შეუძლებელია. მისმა განცხადებამ იუანის გამყარება გამოიწვია. არადა, ჩინური ვალუტა აპრილის შემდეგ 9 პროცენტით არის გაუფასურებული, რაც აშშ-სთან სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვის ფონზე ხდება.

ორშაბათს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 200 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე გაზრდლი საბაჟო ტარიფები დააწესა. ამაზე ჩინეთის პასუხმა არ დააგვინა, თუმცა მის სატარიფო სიაში, „მხოლოდ“ 60 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული პროდუქცია მოხვდა.

ამგვარად, აშშ-ის მიერ უკვე 250 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზე გაიზარდა ტარიფები. ტრამპი იქადნის, რომ ჩინეთის პასუხის შემთხვევაში, დამტებით 267 მილიარდი დოლარის ჩინურ პროდუქციაზეც ასწევს ტარიფებს. ჩინეთს ადეკვატური პასუხისთვის რესურსი არ აქვს, რადგან შარშან ამერიკისგან „მხოლოდ“ 130 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქცია შეიძინა. ამჟამად კი 110 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე აქვს ტარიფები გაზრდილი.

„ჩინეთს ტყვია-წამალი გამოელია. ახლა საკითხავი ისაა, ჩინელები რას მოიმოქმედებენ სახის შესანარჩუნებლად და იტყვიან თუ არა: „კარგი, ჩვენ შევიცვლებით, ჩვენს ბაზარს ხელმისაწვდომს გავხდით არამხოლოდ ამერიკელებისთვის, არამედ ევროპელების და იაპონელებისთვისაც“, - ამბობს ლონდონური „ტევისტოკ ველთის“ ინვესტიციების უფროსი კრისტოფერ პილი და დასძენს: „მათი ეკონომიკა ექსპორტზე ორიენტირებულია. მათ არ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ვითარებაზე კონტროლი დაკარგონ“.