დოლარი ევროპულ ვალუტებთან პოზიციებს თმობს

დღეს ამერიკულმა დოლარმა ევროპულ ვალუტებთან პოზიციების დათმობა დაიწყო და ბოლო რვა კვირის მინიმალური მაჩვენებელი განაახლა.

ევროკავშირის სამიტის ფონზე, ინვესტორებმა უკანა პლანზე გადადეს ის შიში, რომელიც შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობათა დაძაბვას უკავშირდება. რისკისგან თავისუფალი ბაზარი კი ევროპულ ვალუტებს ძალას მატებს.

შუადღისთვის დოლარის ინდექსი, რომელიც ექვს წამყვან ვალუტასთან, ამერიკული ვალუტის საშუალო კურსს ასახავს, 0.15 პროცენტით, 93.97-მდე შემცირდა. ეს კი 26 ივლისის მინიმალური მაჩვენებლისგან (93.88) შორს არაა.

შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს 20 მილიონი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 10 პროცენტამდე ასწია და წლის ბოლოსთვის, ამავე ჩამონათვალზე ტარიფს 25 პროცენტამდე გაზრდის. ჩინეთმა საპასუხო რეაქცია არ დააყოვნა, მაგრამ მხოლოდ 60 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქციაზე გაზარდა ტარიფი.

დღეს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები, ავსტრიაში საინფორმაციო სამიტზე შეიკრიბნენ, რომელზეც ძირითადი განსახილველი თემები, ბრექსიტი და იმიგრაციასთან დაკავშირებული საკითხებია. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, თავის ევროკავშირელ კოლეგებს, კეთილი ნების გამოჩენისა და ბრექსიტის საკითხების განხილვისას, მოქნილობისკენ მოუწოდა. ცნობილია, რომ მოლაპარაკებისას ერთ-ერთი პრობლემური თემა ირლანდია/ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის საკითხია.

ინვესტორთა ლტოლვას რისკიანი აქტივებისადმი ის იმედი განაპირობებს, რომელიც მათ ბრექსიტის შეთანხმებასთან დაკავშირებით გაუჩნდათ. რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თარიღი (მომავალი წლის მარტი), მით უფრო იზრდება იმის ალბათობა, რომ მხარეები შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა კვლავაც რჩება შანსი, რომ გასვლა შეთანხმების გარეშე მოხდება.

ბრიტანული სტერლინგის კურსი დოლართან წყვილში 0.25 პროცენტით გაიზარდა, რის შემდეგაც შუადღისთვის ერთი სტერლინგის ფასმა 1.3175 დოლარს მიაღწია. მოგვინებით კი 1.3297-ს მიაღწია, რაც 16 ივლისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

სტერლინგის მსგავსად, დოლართან წყვილში ევროს კურსის გაუმჯობესდა. 1 ევროს ფასი 1.1700-იან მაჩვენებელს ასცდა და ევროპული სავაჭრო სესიის მიწურულს, 1.1782 დოლარს მიაღწია, რაც 9 ივლისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

დოლართან წყვილში თითქმის არ შეცვლილა იენის კურსი. სამაგიეროდ, ზრდა აქვს ავსტრალიურ და ახალზელანდიურ დოლარებს. ამ ორი ქვეყნის მთავარი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია და როგორც კი ინვესტორებმა აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაძაბულობის თემა უკანა პლანზე გადადეს, რისკებისკენ ლტოლვა გაიზარდა და ეს ავსტრალიური და ახალზელანდიური დოლარის კურსებზე აისახა. ორივე ვალუტამ ბოლო სამი კვირის მაქსიმუმი განაახლა.