ბიზნესგარიგება, რომელიც ბრენდს დამოუკიდებლობას შეუნარჩუნებს - როგორ აპირებს „ბიბლუსი“ „პეპელას“ უფრო მეტად განვითარებას

საქართველოს უმსხვილესმა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსი“ სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ შეისყიდა.თუმცა შეძენა არ გულისხმობს კომპანიების ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებას და სათამაშოების მაღაზია „პეპელა“ კვლავ დამოუკიდებელი ბრენდით განაგრძობს ბაზარზე ოპერირებას.

რამ გამოიწვია სხვადასხვა სფეროში ორი ლიდერი კომპანიის გაერთიანება და როგორია კომპანიათა ბიზნესგეგმები - ამ და სხვა საკითხებზე „ბიბლუსის“ გენერალურ დირექტორს, ირაკლი გაგნიძეს ვესაუბრეთ.

რა უდევს ამ ბიზნეს გარიგებას საფუძვლად, რატომ გადაწყვიტა წიგნის მაღაზიათა ქსელმა „ბიბლუსმა“ სათამაშოების მაღაზიების ქსელ „პეპელას“ შეძენა?

აღსანიშნავია, რომ ამ ორ სხვადასხვა კომპანიას ბევრი საერთო მახასიათებელი აქვს, მათ შორის, ერთი და იგივე ღირებულებები, ცნობადობა. „ბიბლუსი“ და „პეპელა“ უკვე წლებია თანამშრომლობენ და პარტნიორობენ სხვადასხვა სფეროში. წელს კი უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე დავიწყეთ საუბარი. რამდენიმე თვის განმავლობაში ვმსჯელობდით, თუ როგორ შეიძლებოდა ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელებულიყო და იმ დასკვნამდე მივედით, რომ საუკეთესო საშუალება ჩვენი კომპანიების ერთი მენეჯმენტის ქვეშ გაერთიანება და ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება იქნებოდა. შედეგად კი გადავწყვიტეთ, რომ საუკეთესო გამოსავალი სწორედ „ბიბლუსის“ მიერ „პეპელას“ შეძენა იქნებოდა.

ერთი მენეჯმენტის ქვეშ გაერთიანების მიუხედავად, „ბიბლუსმა“ გადაწყვიტა, რომ ბრენდი „პეპელა“ იმ სახით შეინარჩუნოს, რა სახითაც არსებობს. რატომ?

მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზია, პირველ რიგში ის, რომ ბრენდი „პეპელა“ საკმაოდ კარგი ბრენდია და მომხმარებლების საკმაოდ დიდი ჯგუფიც ჰყავს. შესაბამისად, ჩვენი ინტერესი არ ყოფილა, რომ ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანება მომხდარიყო. პირიქით, პატივს ვცემთ იმ ბრენდს, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ბრენდი ბრენდად დარჩება, ჩვენ კი იმის გათვალისწინებით, რომ საცალო ვაჭრობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღეთ, ამ გამოცდილებას „პეპელას“ განვითარებისთვისაც გამოვიყენებთ.

რას მიიღებს „ბიბლუსის“ მიერ „პეპელას“ შეძენით მომხმარებელი? შესაძლებელია თუ არა სათამაშოების ქსელის განვითარება ახალი ფილიალების გახსნის მიმართულებით მოხდეს?

„ბიბლუსის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ნიშა ის არის, რომ ჩვენ წიგნი საქართველოს ყველა კუთხეში ხელმისაწვდომი გავხადეთ. დღეის მდგომარეობით, საქართველოს აბსოლუტურად ყველა რეგიონი გვაქვს მოცული. მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ის საფასო პოლიტიკა, მომსახურების ხარისხი თუ ყველა სხვა სიკეთე, რაც ამ ბრენდს აქვს, ქვეყნის თითოეულ კუთხეში მიგვეტანა. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იმისთვის, რომ „ბიბლუსი“ ასე განვითარებულიყო. შესაბამისად, ეს ყველაფერი, რაც უკვე პრაქტიკაშია გამოცდილი და ადაპტირებული, გვინდა სათამაშოების მაღაზიათა ქსელ „პეპელაზეც“ განვავრცოთ, რადგან ჩვენი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომი იყოს ისეთი პროდუქცია, რომელსაც ეს ორი ბრენდი სთავაზობს.

რაც შეეხება პროდუქციის ასორტიმენტს, მოსალოდნელია, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქციით იყოს წარმოდგენილი სათამაშოების მაღაზიათა ქსელი?

ჩვენ უკვე დავიწყეთ აქტიური მუშაობა სხვადასხვა მომწოდებელებთან. წლის ბოლომდე ვაპირებთ რამდენიმე სერიოზულ მომწოდებელს შევხვდეთ და მათთან თანამშრომლობის სფეროები განვიხილოთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ „პეპელა“ საკმაოდ დიდი და ძლიერი კომპანიების ექსკლუზიური წარმომადგენელია და ამ მიმართულებითაც გავამრავალფეროვნებთ პროდუქტებს. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბაზარზე წარმოდგენილი ვიქნებით როგორც მრავალფეროვანი პროდუქციით, ასევე ბევრი ფილიალით.

ხარისხი არის ის ნიშა, რაც „ბიბლუსს“ კონკურენტებისგან გამოარჩევს. როდესაც ყიდულობ „ბიბლუსში“, იცი რომ ყიდულობ ხარისხიან და უსაფრთხო პროდუქციას. იქნება თუ არა ეს ნიშა შენარჩუნებული და თუ არის მოსალოდნელი ამ მიმართულებით უფრო განვითარება?

ფასის ხარისხთან მიმართებით - საუკეთესო ნაზავის მისაღებად წლები დაგვჭირდა. „ბიბლუსი“ მუდმივად ორიენტირებული იყო ხარსხიან პროდუქტზე და აქტიური მუშაობის შემდეგ მივაღწიეთ იმას, რომ ხარისხიც შევინარჩუნეთ და ფასებიც ყველასთვის მისაღები და ხელმისაწვდომია. მათ შორის ქვეყნის მასშტაბით, ძალიან ბევრი მიმართულებით საუკეთესო ფასები გვაქვს. ანალოგიური პრინციპით მუშაობს „პეპელაც“, რომელიც ხარისხობრივ ნაწილში ასევე გამორჩეულია. ყველა ის პროდუქტი, რომელიც „პეპელაში“ შემოდის, აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ევროკავშირი ამ ბაზართან დაკაშირებით აწესებს. ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქცია ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საბავშვო სათამაშოებზე ვსაუბრობთ. როგორც უკვე აღვნიშნე „პეპელა“ წლებია სათამაშოების ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს და ეს ასეც გაგრძელდება, თუმცა ამასთან, აქტიურად დავიწყებთ მუშაობას, რომ „პეპელას“ პროდუქცია თითოეული მოქალაქისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია. რა არის ის, რაც გამოარჩევს და რითაც „ბიბლუსი“ სხვა კომპანიებს უწევს კონკურენციას?

სავარაუდოდ, ეს ყველაფერი იქიდან იღებს სათავეს, როდესაც ჩვენ ბაზარზე შემოვედით და იმ ბიზნესის შექმნა დავიწყეთ, რომელიც არ არსებობდა. „ბიბლუსმა“ ჩამოაყალიბა ჯანსაღი, თვითგანვითარებადი, თავისივე შესაძლებლობებით განვითარებადი კომპანია. მეორე, რაც ასევე მნიშვენლოვანია, არის ის რომ „ბიბლუსმა“ პროდუქცია აბსოლუტურად ყველგან ხელმისაწვდომი გახადა. ჩვენ შევეცადეთ, რომ „ბიბლუსის“ პროდუქცია მიგვეტანა ყველგან, სადაც კი მოთხოვნა იყო და ასევე მინდა აღვნიშნო კომპანიის ერთ-ერთი საყრდენი ძალა - ჩვენი თანამშრომლები, „ბიბლუსის“ გუნდი - ადამიანები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს კომპანიის ჩამოყალიბებაში და რომელიც ძალიან უყვარს ჩვენს მომხმარებელს.

ცნობისთვის, წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ 2008 წლის 23 მაისს დაარსდა. დღეისათვის ქსელი საქართველოს მასშტაბით 59 ფილიალს აერთიანებს. კომპანიის არსებობის 10 წლის მანძილზე, „ბიბლუსმა“ შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო და თანამედროვე სავაჭრო ქსელი.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ კი 2006 წელს დაარსდა და უკვე 12 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს. „პეპელა“ აქცენტს ხარისხიან ლიცენზირებულ პროდუქციაზე აკეთებს. ამჟამად, იგი სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა. დღეისათვის აერთიანებს 10 ფილიალს, მათგან 9 მდებარეობს თბილისში, ხოლო 1 ბათუმში. აგრეთვე, კომპანიას აქვს მსხვილი სადისტრიბუციო ქსელი როგორც საქართველოში, ასევე კავკასიის რეგიონში.

იხილეთ გადაცემა ლინკზე

https://www.facebook.com/radio.palitra/videos/440055039851799/

https://www.facebook.com/radio.palitra/videos/409477999582046/