ტრამპის არჩევის შემდეგ Dow Jones-ის ინდექსმა მეასედ გააუმჯობესა რეკორდი

ამერიკის სამრეწველო ინდექსმა Dow Jones-მა, ასევე ინდექსმა S&P 500, რომელიც 500 უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას მოიცავს, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე რეკორდები განაახლეს.

Dow Jones-ის ინდექსმა 0,95%-ით 26 656,98 პუნქტამდე მოიმატა. როგორც ტელეკომპანია Fox Business წერს, ეს არის უკვე მეასე რეკორდის გაუმჯობესება დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ. S&P 500-ის ინდექსმა კი 0,8%-ით მოიმატა ასევე რეკორდულ 2 930,75 პუნქტამდე. რაც შეეხება NASDAQ-ს, ის 0,98%-ით გაიზარდა და 8 028,23 პუნქტი შეადგინა, რომელიც ამ ინდექსისთვის რეკორდული არ არის.

Fox Business-ის ინფორმაციით, მსგავსი მაჩვენებელი დაკავშირებულია ამერიკის ეკონომიკის დადებით მდგომარეობაზე და ინვესტორების მხრიდან პოზიტიურ მოლოდინებზე. გარდა ამისა, ქვეყანაში შემწეობაზე განაცხადებმა და უმუშევრობის მაჩვენებლებმა იკლო და ის 1969 წლის მაჩვენებელს გაუთანაბრდა.

კოკა კვირკველია