ანაკლიის პორტმა და ანაკლიის სეზ-მა, ევროპისა და აზიის მასშტაბით, აბრეშუმის გზის საუკეთესო პროექტის ჯილდო მიიღო

პეკინში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Asiamoney-ს დაჯილდოვების ღონისძიება გაიმართა, სადაც წლის საუკეთესო პროექტები დაასახელეს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ანაკლიის თავისუფალი ეკონომიკური ზონა 2018 წლის გამარჯვებულია - პროექტი დასახელდა, როგორც აბრეშუმის გზის საუკეთესო ინიციატივა ევროპისა და აზიის მასშტაბით.

კერძოდ, Asiamoney-მ ანაკლიის პროექტები დაასახელა, როგორც: „სარტყელი და გზის“ საუკეთესო ინდივიდუალური პროექტი/ინიციატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ და დასავლეთ აზიაში“ (Central and Eastern Europe & Central and Western Asia: Best inpidual BRI project or initiative in the region). აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მესამე ჯილდოა, რაც სხვადასხვა მიმართულებით ანაკლიის პორტმა საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა.

Asiamoney-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სპეციალური ეკონომიკური ზონა მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება „სარტყელი და გზის ინიციატივის“ შუა კორიდორში, რომელიც ჩინეთიდან მოემართება და ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს კვეთს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს საკვანძო მოთამაშედ აქცევს „სარტყელი და გზის ინიციატივაში“. ამასთან, ის წარმოადგენს მნიშვნელოვან პროექტს ახალი აბრეშუმის გზის განვითარებაში“.

“სასიხარულოა ჩვენთვის ასეთი პრესტიჟული ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობას არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ, ახალი აბრეშუმის გზის მასშტაბით. ანაკლიის ღრმაწყლვოანი პორტი ერთ-ერთ უმთავრეს როლს ითამაშებს აზიის და ევროპის დაკავშირებაში”, -განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ასევე მიღებული აქვს „წლის საუკეთესო ინფრასტრუქტურული პროექტის“ ჯილდო გლობალური ლიდერობის მე-9 საერთაშორისო ფორუმზე; ასევე, ის აღიარეს „წლის საუკეთესო საინვესტიციო პროექტად“ დუბაის ყოვეწლიურ საინვესტიციო ფორუმზე.

18 სექტემბერს Asiamoney-ს ღონისძიებაზე ჯილდოები გადაეცათ ასევე ისეთ მასშტაბურ პროექტებს და კომპანიებს, როგორებიცაა: ჩინეთის უმსხვილესი გადამზიდავი კომპანია Cosco Shipping International (სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ნომინაცია), Credit Suisse -ის მიერ $350 მილიონი დოლარით დაფინანსებული პაკისტანის 4,320 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა (სამხრეთ აზიის ნომინაცია), 756 კილომეტრიანი რკინიგზის ხაზის მშენებლობა ეთიოპიაში (ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ნომინაცია).