იმ დროს, როდესაც „აუდი“ სან ფრანცისკოში თავისი ელექტრული ქროსოვერის პრეზენტაციას ატარებდა, ილონ მასკმა თავისი „ტესლას“ უშუალო კონკურენტის სიახლის გადასაფარად, კალიფორნიაშივე სპეციალური ღონისძიება გამართა.ღონისძიებაზე მასკმა საზოგადოებას მისივე აეროკოსმოსურ კომპანია „სპეის იქსის“ პირველი კლიენტი დაასახელა.
ესაა იაპონელი მილიარდერი, 42 წლის იასაკუ მაეძავა, ვინც ინდვიდუალური შეკვეთით წარმოებული მოდური ტანსაცმლით მოვაჭრე ვებგვერდ ზოზოს მფლობელია. ფორბსის მონცემებით, მაეძავა იაპონიის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და მისი ქონება 3 მილიარდ დოლარს აღწევს. ასეთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ „სპეის იქსის“ რაკეტა BRF-ით, მთვარეს შემოუფრინოს.
იაპონელი ბიზნესმენის თქმით, მთვარისკენ ვოიაჟზე ის ყოველთვის ოცნებობდა: „როგორც იქნა, მთვარეზე გასაფრენად ამარჩიეს“, - განაცხადა მაეძავამ, ვინც მასკმა საზოგადოებას საკუთარ მხრებზე შესმული წარუდგინა. მათ არ დაუკონკრეტებიათ მთვარის გარშემო ფრენის ფასი. მაეძავამ განაცხადა, რომ წინასწარი შესატანი უკვე გადახდილი აქვს და დასძინა, რომ ამ თანხას კომპანია მზიდ რაკეტა BFR-ის (ბიგ ფალკონ როკეტ) ასაგებად გამოიყენებს.
მასკის თქმით, მზიდი რაკეტა „ბიგ ფალკონ როკეტი“ ამჟამად აგების პროცესშია. მასზე იქნება დამაგრებული კოსმოსური ხომალდი, რომელშიც მაეძავა მოთავსდება. მისივე თქმით, ფრენა სავარაუდოდ 2023 წელს შედგება. პირვანდელი გეგმით, „სპეის იქსი“ მთვარეზე მოგზაურობისთვის კოსმოსურ ხომალდ „დრაგონს“ ქმნიდა, რომელიც კოსმოსში მზიდ რაკეტა „ფალკონ ჰევის“ უნდა გაეყვანა. მაგრამ რაკეტის პირველივე სატესტო გაშვების შემდეგ, მასზე უარი თქვეს.
რაკეტის გასაშვებად, „სპეის იქსი“ ლოს ანჯელესის პორტის მახლობლად, სპეციალურ პლატფორმას ააგებს. მასკი ამბობს, რომ მთვარის გარშემო ფრენის სავარაუდო დრო 4-5 დღეა.
სხვათა შორის, როგორც პროექტ „სპეის იქსის“ მთავარი ინჟინერი პოლ ვუსტერი ამბობს, მზიდ რაკეტა BFR-ს მომავალში მარსის კოლონიზაციისთვის გამოიყენებენ. ამ მისიით ის პირველ ფრენას სავარაუდოდ, 2022 წელს შეასრულებს, რა დროსაც, მარსზე პირველ ტვირთს წაიღებს. მეზობელ პლანეტაზე პირველი მშენებლები კი ორი წლით გვიან გაემგზავრებიან. მანამდე კი იმავე „სპეის იქსის“ დახმარებით, შესრულდება დასახლებისთვის ადგილის შერჩევის სამუშაოები.