საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნული ჩარჩო გულისხმობს ფინანსური სექტორის და კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას და მათთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც მნიშვნელოვანია, როგორც ფინანსური სტაბილურობისთვის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.
„ეროვნული ბანკი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობის მიმართულებით. ამ მხრივ პირველი ნაბიჯი 2017 წლის სექტემბერში მდგრად საბანკო სისტემაში (Sustainable Banking Network, SBN) გაწევრიანება იყო. SBN შექმნილია საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით და აერთიანებს 40-ზე მეტი ქვეყნის ფინანსური სექტორის მარეგულირებელ ორგანიზაციებსა და საბანკო ასოციაციებს. SBN-ის მიზანია, ხელი შეუწყოს წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და ისეთი პოლიტიკისა და ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს მდგრადი ფინანსური სისტემის განვითარებას. SBN-ში გაწევრიანებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს მდგრადი ფინანსური რეგულირების განვითარებას და კონკრეტული ღონისძიებები გაატაროს მდგრადი ფინანსური სისტემის უზრუნველსაყოფად. მდგრადი დაფინანსების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი კაპიტალთან" თანამშრომლობით ქართულ ენაზე თარგმნა კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო ასოციაციის (International Capital Market Association, ICMA) მწვანე, სოციალური და მდგრადი განვითარების ობლიგაციების პრინციპები, რომელიც ICMA-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა1. ICMA საერთაშორისო ასოციაციაა, რომელიც მსოფლიოს 60 ქვეყნის ემიტენტებს, ფინანსურ შუამავლებს, ინვესტორებსა და კაპიტალის ბაზრის სხვა წარმომადგენლებს აერთიანებს. ICMA-ის პრინციპების მიზანია ხელი შეუწყოს მწვანე, სოციალური და მდგრადი ობლიგაციების ბაზრის ჩამოყალიბებასა და განვითარებას აღნიშნული ტიპის ობლიგაციების გამოშვებისა და ვაჭრობის ერთიანი და თანმიმდევრული ჩარჩოს შემუშავებით. აღნიშნული პრინციპები დაახლოებით 20 ენაზეა ნათარგმნი. ICMA-ის პრინციპების ქართული ვერსიის გამოქვეყნების მიზანია, ერთი მხრივ, გაზარდოს ცნობადობა ადგილობრივ ბაზარზე მდგრადი დაფინანსების შესახებ და მეორე მხრივ, დაანახოს საერთაშორისო ინვესტორებს ეროვნული ბანკის მხრიდან მდგრადი დაფინანსების მხარდაჭერა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ცნობით, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებისთვის, რომელზეც ეროვნულ ბანკი აქტიურად მუშაობს კონკრეტული ღონისძიებებია დაგეგმილი.
„საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მდგრადი დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება, რომელთა მიზანია ხელი შეუწყოს პოტენციური ემიტენტებისა და ინვესტორების მომზადებას მდგრადი დაფინანსების შესაძლებლობების გამოყენებისთვის. ფინანსური ინსტიტუტებისთვის გარემოსდაცვით, სოციალურ და მმართველობით (ESG) საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჟღავნებისა და ანგარიშგების პრინციპების შემუშავება. აღნიშნულ დოკუმენტში წარმოდგენილი იქნება ESG საკითხების ანგარიშგების ძირითადი პრინციპები, ახსნილი იქნება ამ ტიპის ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობა, და ასევე, შემუშავდება ანგარიშგების საერთო შაბლონი. კომერციული ბანკებისა და კაპიტალის ბაზრის კორპორაციული მართვის კოდექსებში ESG საკითხების ჩართვა. მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები ემსახურება შესაბამისი ჩარჩოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე ეფექტიანად გადართვაში, რაც არსებითია ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების მიმართულებით რეგიონში ერთ-ერთ მოწინავე ცენტრალურ ბანკად არის მიჩნეული“,- ნათქვამია განცხადებაში.