6 წელი პარიზის ავტოფარეხში უფუნქციოდ მდგარი „ჰუნდაი“ - რატომ ვერ იფორმებს საფრანგეთის მოქალაქე საქართველოში შეძენილ მანქანას

საფრანგეთის მოქალაქე ომარ სოხაძე „ჰიუნდაის“ საქართველოს ოფისს უჩივის.

მისი თქმით, 6 წელიწადია, რაც საქართველოში ნაყიდი 2012 წლის „ჰიუნდაი სონატა“ პარიზში, ავტოფარეხში აქვს გაჩერებული, რადგან ვერც გადაფორმებას ახერხებს და ვერც უკან, საქართველოში დაბრუნებას.

როგორც ომარ სოხაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, შეძენისას „ჰიუნდაის“ საქართველოს ოფისში განუცხადეს, რომ ავტომობილის საფრანგეთში წაყვანით არანირი პრობლემა არ შეექმნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ევროსტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და პარიზში გადაფორმებაზე უარი განუცხადეს.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ავტომობილი საფრანგეთშია განბაჟებული, სატრანზიტო ნომრებსაც აღარ აძლევენ, ამიტომ 6 წელია ვერც საქართველოში აბრუნებს.

ომარ სოხაძის თქმით, მომხდარის შემდეგ „ჰიუნდაის“ საქართველოს ოფისს საფრანგეთიდან დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში ვერ განუმარტეს, თუ რა მიზეზით ვერ გაიარა ავტომობილმა შემოწმება.

„ბიზნესპრესნიუსი“ „ჰიუნდაის“ ადგილობრივ წარმომადგენლობასა დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ, რომ ყველა ქვეყანას შემოწმების თავის კრიტერიუმები აქვს, ამიტომ პასუხის გაცემა უჭირთ, ავტომობილმა რატომ ვერ დააკმაყოფილა ევროსტანდარტები.

საფრანგეთის მოქალაქე კი თავს მოტყუებულად გრძნობს და „ჰიუნდაის“ საქართველოს ოფისის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.

„2012 წელს ჩამოვედი საქართველოში და ამავე წელს გამოშვებული „ჰიუნდაი სონატა“, თბილისის ავტოსალონიდან 12 700 დოლარად ვიყიდე. ვიფიქრე, რაც წასაღები მაქვს, ბარემ ყველაფერს ჩავაწყობ და წავიღებ-მეთქი. იქიდან გამომდინარე, რომ ვარ საფრანგეთის მოქალაქე, ბევრჯერ დავაზუსტე, ავტომობილის პარიზში წაყვანით, რაიმე პრობლემა ხომ არ შემექმნებოდა, რაზეც არაერთხელ დამიდასტურეს, რომ არა. ეს დოკუმენტაციაც არსებობს, სატრანზიტო ნომრებით სწორედ ამიტომ გამყავდა მანქანა. როგორც კი ავტომობილი პარიზში ჩავიყვანე, გადავიხადე განბაჟების 2700 ევრო და მანქანის გასაფორმებლად პრეფექტურაში მივედი. შემოწმების შემდეგ დადგინდა, რომ ვერ აკმაყოფილებდა ევროსტანდარტებს, რის გამოც გადაფორმებაზე უარი განმიცხადეს.

სად არ მივედი, სად არ ვწერდი, მაგრამ ყველგან უარი მივიღე. 6 წელიწადია ავტომობილი ავტოფარეხში მიდგას და ესეც ხარჯებთანაა დაკავშირებული. ყოველ თვე 100 ევროს ვიხდი. უკვე 7000 ევრო მაქვს გადახდილი. უკან საქართველოშიც ვერ მომყავს, რადგან არ მაძლევენ სატრანზიტო ნომრებს. ეს არის ჩიხი, საიდანაც გამოსავალს ვერავინ პოულობს, ეს მანქანა ოქროს ფასი დამიჯდა“,-აცხადებს ომარ სოხაძე.

საფრანგეთის მოქალაქე „ჰიუნდაის“ საქართველოს ოფისს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მათმა შეცდომამ ფრანგული მხარეც ჩიხში შეიყვანა.

„ჰიუნდაის“ თბილსის ოფისს პარიზიდანვე დავურეკე, მაგრამ მიზეზები ვერ განმიმარტეს, პასუხი არ აქვთ. შეიძლება, სულ პატარა დეტალია, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს, მაგრამ ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ტყული მითხრეს, ასეთი მანქანის ევროპაში გაყიდვის უფლება არ ჰქონდათ, ამაშია პრობლემა. ამათმა შეცდომამ ჩიხში შეიყვანა ფრანგული მხარეც, სადაც არ იციან, როგორ მოიქცენენ და როგორ დამეხმარონ, მართლა ყველა შეწუხებულია.

ვაპირებ, რომ სარჩელი სასამართლოში შევიტანო. თუ რამე მოხერხდა, მაგალითად, მანქანის ტრაილერით ჩამოყვანა და 12 700 დოლარის ნაცვლად (რაც მანქანაში გადავიხადე), 10 000-ს მაინც დამიბრუნებენ, კიდევ კარგი ვარიანტია“-აცხადებს ომარ სოხაძე.

ამის საპასუხოდ „ჰიუნდაის“ საქართველოს ცენტრის გენერალური დირექტორი დავით გიორგობიანი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ომარს სოხაძეს სრული უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს.

„ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტები და რეგულაციები აქვს. თუ მას 2012 წელს წაყვანილი მანქანა 6 წელია ავტოფარეხში უდგას, აქამდე უნდა მოემართა. მიმოწერა მაინც ხომ უნდა ჰქონდეს, ან იურისტისთვის მიემართა და საჩივარი დაეწერა. ახლა მე რა უნდა გითხრათ 2012 წელს გაყიდულ მანქანაზე?! მე არც მიმოწერა მაქვს, არც მომართვა არსებობს და არც საჩივარი. მისი ნებაა, მიმართოს სასამართლოს, ამის უფლება ნამდვილად აქვს“, -აცხადებს დავით გიორგობიანი.

ნინი ქეთელაური