ძალიან დაკავებული ვიყავი და ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანია „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა გამოძიება იმ საკითხით, ჰქონდა თუ არა „ომეგა ჯგუფისთვის“ კონკრეტული პირებისგან მანქანების მოთხოვნას ადგილი, მინისტრმა უპასუხა, რომ თუ ვინმემ კანონი დაარღვია, ამაზე პასუხი უნდა აგოს, თუმცა, აქვე განმარტა, რომ აღნიშნულზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, არც ერთ კომპანიას არ ეპატიება ბიუჯეტის მიმართ დავალიანება.
„არ ვარ საქმის კურსში მაგ საკითხზე. ევროკომისიაში ვიყავი, შეხვედრები მქონდა, ძალიან დაკავებული ვიყავი და ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ. არ შეიძლება, რომ მე ყველა საკითხი ვიცოდე, ალბათ. მე არ ვიცი, ვინ ვის რას ართმევდა, მაგრამ თუ ვიღაცამ დაარღვია კანონი, ყველამ კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. ეს მხოლოდ ამ საქმეში კი არა, ყველა საქმეში ასეა. ერთადერთი შემიძლია გითხრათ ის, რომ თუ კომპანიას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ, ეს არც ერთ კომპანიას არ ეპატიება. ყველამ უნდა გადაიხადოს ბიუჯეტის მიმართ დავალიანება და უნდა გადაიხადოს ის ვალი, რომელიც ბანკებისგან აქვს აღებული“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.