პარლამენტში აუდიტის ჯგუფი შეიქმნება, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს განიხილავს.ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დასკვნა, რომელსაც სახელმწიფო აუდიტი მიიღებს, მუდმივად განიხილებოდეს პარლამენტში.
„რაც შეეხება აუდიტის ჯგუფს, ეს არის ახალი რამ. აქამდე ეს არ ყოფილა საქართველოს პარლამენტში. ის იქმნება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და ემსახურება იმას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შექმნილი ანგარიშები, რომელიც პარლამენტამდე მოდის, მაგრამ არ მოჰყვება ხოლმე აქტიური განხილვა, ეს პროცესი გავააქტიუროთ და ყველა დასკვნა, რომელსაც აუდიტის სამსახური შეიმუშავებს, ყველა დარღვევა, ყველა რეკომენდაცია, რომელსაც დაადგენს, მუდმივად იხილებოდეს მუდმივმოქმედ რეჟიმში მომუშავე სპეციალურ ჯგუფში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.