სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტებზე 19 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა.

როგორც უწყებიდან იუწყებიან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მუშაობას საქართველოს მასშტაბით მიმდინარე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენის მიზნით.

გატარებული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 19 მეწარმე სუბიექტის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმეები, სამუშაოების განხორციელების პროცესში შესრულებული სამუშაოების ამსახველ დოკუმენტაციაში ხელოვნურად ზრდიდნენ შესრულებული სამუშაოების მოცულობებს, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ სახელმწიფო თანხებს.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი 350 000 ლარს აღემატება. გამოძიების პროცესში, მეწარმე სუბიექტების მიერ ნაწილობრივ იქნა ანაზღაურებული ზიანი 100 000 ლარის ოდენობით.