„ფერარიმ“ ახალი რეტრო ხაზი გახსნა.
ამ ხაზის პირველი ავტომობილია „მონცა“, რომელსაც მყიდველს ორი ვერსიის სახით შესთავაზებენ. ესენია ერთადგილიანი SP1 და ორადგილიანი SP2. ორივეს ბარკეტას ტიპის ძარა აქვს, ისინი ძალინ შეზღუდული რაოდენობით დამზადდება და ძალიან ძვირი ეღირება. საკუთრივ ახალი ხაზის სახელია „იკონა“ და ის რეტრო სტილის მოდელებს გააერთიანებს, რომლებიც მარანელოელთა ლეგენდარული ავტომობილების გათანამედროვებულ სტილში შესრულდება.
„ფერარის“ როგორც სჩვევია, ამ ავტომობილების მყიდველებს მხოლოდ კომპანიის ერთგულ კლიენტთა შორის აარჩევენ, რომლებისთვისაც „ფერარი“ ავტომობილზე მეტია. ამ ხაზის ავტომობილები ძალიან მაღალი მარჟით გაიყიდება და ისინი კომპანიის სალაროს მნიშვნელოვან მოგებას მოუტანენ. სულ ორივე ტიპის 500 ცალი „მონცას“ დამზადება იგეგმება.
ეს ავტომობილი 1948 წელს გამოშვებული „ფერარი 166 MM ბარკეტას“ და 1954 წელს გამოშვებული „ფერარი 750 მონცას“ შთაგონებით არის შექმნილი. ორივეს ბარკეტას ტიპის ძარა ჰქონდა. ახალი „მონცა“ გარეგნულად უფრო თავის ხნიერ სეხნიას ჰგავს. როგორც ფოტოზეც ჩანს, ამ ტიპის ავტომობილებს აქვს მსუბუქი, გახსნილი (საქარე შუშის გარეშე) ტიპის ძარა, რომელიც ძველი ყაიდის სარბოლო ავტომობილების სტილშია შესრულებული.
ორივე „მონცა“ აღჭურვილია 6.5-ლიტრიანი V12 ძრავით, რომლის სიმძლავრე 810 ცხენის ძალას აღწევს. ძარა და შასი მეტწილად კარბონის ბოჭკოს კომპოზიციური მასალით არის დამზადებული და არის ძალიან მტკიცე და მსუბუქი.
მაღალი სიმძლავრისა და სიმსუბუქის კომბინაცია, ავტომობილ(ებ)ის დინამიკურ მახასიათებლებზე აისახება. ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად, 2.9 წამია საკმარისი, 200 კმ/სთ-მდე კი 17.19 წამი ჰყოფნის.
„მონცას“ მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე, 2 ოქტომბერს გაიმართება და მისი ფასიც იქვე გამოცხადდება.