„მერსედეს-ბენცმა“ ექსპერიმენტული უპილოტო პლატფორმა შეიმუშავა

„მერსედეს-ბენცმა“ ჰანოვერის კომერციული ავტომობილების შოუზე, მეტად უჩვეულო ქმნილება წარადგინა.

ესაა კონცეპტუალური პლატფორმა-ტრანსფორმერი, რომელსაც საჭიროებისამებრ, ან კომერციულ გადამზიდავად გამოიყენებთ, ან სამგზავროდ. ორივე შემთხვევისთვის, მას განსხვავებული ძარა აქვს. რაც მთავარია, პლატფორმა ელექტრული და სრულად ავტონომიურია. კონცეპციის სახელია „ვიჟენ ურბანეტიკ“.

პლატფორმის სიგრძე 5.14 მეტრია, სატვირთო პლატფორმის სიგრძე კი 3.17 მეტრს აღწევს. სამგზავრო მოდულის დაყენების შემთხვევაში, „ვიჟენ ურბანეტიკს“ 12 ადამიანის გადაყვანა შეუძლია. სატვირთო მოდული კი ორდონიანია და მისი მეშვეობით, ევროსტანდარტის 10 თაროს (EPAL) გადატანაა შესაძლებელი. უფრო მეტიც, სატვირთო მოდული შეიძლება დაკომპლექტდეს ავტომატური სორტირების სისტემით.

კონცეპცია „ვიჟენ ურბანეტიკი“ ითვალისწინებს მგზავრთა ნაკადის და გადაზიდული ტვირთის ნაკადების გაზრდას ისე, რომ მოდერნიზაცია არ დასჭირდეს არსებულ საგზაო ინფრასტრუქტურას და არ გაიზარდოს სატრანსპორტო საშუალებათა რიცხვი. ეს პლატფორმა თავისი ორი ტრანსფორმაციით, უნდა გახდეს იმ ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც სატრანსპორტო ამოცანების შესაბამისად შეიცვლის დანიშნულებას. მაგალითად, ის შეძლებს იმ ადგილების დაფიქსირებას, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი ნაკადი მოიყრის თავს და მის განტვირთვას მოემსახურება. თუ მგზავრთა ნაკადი დაიკლებს, მაშინ პლატფორმა სატვირთო გადაზიდვებზე გადაერთვება.

პლატფორმა ასევე ჩართულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ღრუბლოვან საინფორმაციო ქსელში, რომელიც მის ავტონომიურ რეჟიმში მართვას და კონკრეტული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს. სხვა ავტომობილებთან და ფეხმავლებთან კი LED-პანელის დახმარებით შეუძლია „ურთიერთობა“. კერძოდ, ეს პანელი ქმნის ერთგვარ ციფრულ ჩრდილს, რომელიც ძარის გვერდზე პროეცირდება და ამგვარად, სხვა ავტომობილს, ფეხმავალს ან ველოსიპედისტს ამცნობს, რომ ავტომობილმა ისინი დაინახა და ხიფათს არ შეუქმნის.

ასეთი რთული ამოცანების შესასრულებლად, „ვიჟენ ურბანეტიკი“ ეკიპირებულია ხელოვნური ინტელექტით, რომელსაც თვითშესწავლის უნარი აქვს. მას რეალურ დროში შეუძლია გზაზე არსებული ვითარების გაანალიზება, ადგენს ტვირთის მიწოდბის გეგმას და მყისიერად რეაგირებს ქალაქის ან დასახლებული პუნქტის სატრანსპორტო საჭიროებებზე.