ევროპა რუსეთის მხრიდან გაზის შანტაჟის ხაფანგში მოხვდება, თუ „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ის მშენებლობას განაგრძობს- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გერმანულ გამოცემა ღჰეინისცჰე Pოსტ-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
პოროშენკოს აზრით, აღნიშნულ პროექტს არანაირი ეკონომიკური დატვირთვა არ აქვს. "პუტინს პირველ რიგში სურს დასავლეთ ევროპაზე გეოპოლიტიკური ზეწოლის ბერკეტი მიიღოს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ "რუსეთი რამდენიმე წლის წინ აშანტაჟებდა უკრაინას". "მხოლოდ შემიძლია გავაფრთხილო ჩემი ევროპელი მეგობრები საკუთარი ნეგატიური გამოცდილებიდან გამომდინარე. თუ რუსეთისგან გაზის მიწოდებაზე ხარ დამოკიდებული, როგორც ეს უკრაინის შემთხვევაში იყო რამდენიმე წლის წინ, მაშინ შენი დაშანტაჟება შესაძლებელია. ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ არასასაიამოვნო მომენტია, როდესაც პუტინი გირეკავს, რათა გითხრას, რომ "გაზპრომი" გაზს გადაგიკეტავს", - აღნიშნა პოროშენკომ.
"ჩრდილოეთ ნაკადი 2" არსებული მაგისტრალური გაზსადენის "ჩრდილოეთ ნაკადის" გაფართოების პროექტს წარმოადგენს, რომელიც რუსეთსა და გერმანიას სატრანზიტო ქვეყნების - უკრაინის, ბალარუსისა და პოლონეთის გვერდის ავლით დააკავშირებს. გაზსადენის საერთო გამტარუნარიანობა წელიწადში 55 მლრდ კბ/მ–ს შეადგენს.