კობა გვენეტაძე - საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს

საქართველოს ფინანსური სისტემა პოტენციური შოკების მიმართ მდგრადობას ინარჩუნებს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, საბანკო სექტორი მაღალკაპიტალიზირებული და ლიკვიდურია.

"2018 წლის დასაწყისიდან, კაპიტალის ადეკვატურობის ახალი ნორმების შემოღების შედეგად, კომერციული ბანკების კაპიტალის ხარისხი გაუმჯობესდა და რისკებზე დაფუძნებული გახდა. ამავდროულად, გაუმჯობესებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე, უმოქმედო სესხების წილს მთლიან დაკრედიტებაში კლების ტენდენცია აქვს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც წესი, უმოქმედო სესხების წილი საკრედიტო ციკლის აღმავალ ფაზაში შემცირებით ხასიათდება. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს აღნიშნული კლების ტენდენციის ზედმეტად ოპტიმისტურად ინტერპრეტირება და ცალსახა დასკვნის გაკეთება, რომ სესხებთან დაკავშირებული საკრედიტო რისკი დაბალია. 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური ზრდა მოსალოდნელზე მაღალი იყო და 5.5 პროცენტი შეადგინა. შედეგად, ერთობლივი გამოშვება მის პოტენციურ დონეს დაუახლოვდა. ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაიზარდა მაკროეკონომიკური და ფინანსური რისკების ადგილობრივ ეკონომიკაზე გადმოცემის საშიშროება, რამაც, გარკვეულწილად, ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზე მერყეობა გაზარდა. ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად თანმიმდევრულ მაკროპრუდენციულ პოლიტიკას ატარებს",- განაცხადა გვენეტაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0%-ზე შეინარჩუნა.

"დაკრედიტების წლიურმა ზრდამ 2018 წლის აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 19% შეადგინა, საიდანაც 11.5% შინამეურნეობების, ხოლო 7.5% კომპანიების დაკრედიტებაზე მოდის. რაც შეეხება სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობას, დაკრედიტების აღნიშნული ზრდის გათვალისწინებით, იგი გრძელვადიან ტრენდს გარკვეულწილად აჭარბებს, რაც ნაწილობრივ კურსის ეფექტით და ნაწილობრივ სესხების ზრდით არის განპირობებული. კომპანიებზე გაცემული სესხების ზრდა სასურველ ფარგლებშია, თუმცა, კომპანიების დაფინანსებაში კვლავ მაღალი დოლარიზაცია ნარჩუნდება",- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკი რეკომენდაციას აძლევს ფინანსურ ინსტიტუტებს, სესხების ფასდადებისას სათანადოდ შეაფასონ უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკი.

"ფინანსური სისტემისთვის დოლარიზაციასთან დაკავშირებული რისკები კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ბოლო პერიოდში, უცხოური ვალუტის სესხებზე ადგილობრივად შემცირებული საპროცენტო განაკვეთების ფონზე, იზრდება ფიზიკური პირების უცხოური ვალუტის სესხები. აღნიშნული, როგორც მსესხებლების, ისე ბანკების მხრიდან, უცხოური ვალუტის რისკების არასათანადო შეფასებაზე შეიძლება მიუთითებდეს, რაც საყურადღებოა ფინანსური სტაბილურობის რისკების კუთხით. უცხოური ვალუტის სესხებს, ერთი მხრივ, თან ახლავს გაცვლითი კურსის რისკი, ხოლო, მეორე მხრივ, საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების სავარაუდო ზრდის გათვალისწინებით. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები სუვერენული რისკ-პრემიის ფაქტორიც, რომელიც, ფინანსური კრიზისის შემდგომ ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა. ამდენად, უცხოური ვალუტის ფონდირების რისკების შეფასებისას, ასევე გათვალისწინებული უნდა იქნას გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების შესაძლო გავლენა განვითარებადი ქვეყნების და, მათ შორის, საქართველოს სუვერენულ რისკ-პრემიაზე. აღნიშნულ რისკების პრევენციისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უცხოური ვალუტის საპროცენტო რისკების სათანადოდ გათვალისწინების შესახებ მიუთითებს. ამავე დროს, საპროცენტო რისკს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტრეს სცენარების ანალიზისას",- განაცხადა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მუშაობის ახალ ფორმატზე გადავიდა. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი კვარტალში ერთხელ, წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად იკრიბება.