ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს შეხვდა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა.ინფორმაციას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის, აგრეთვე ევროკავშირის ურყევი პოზიციის გამო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით.
შეხვედრაზე აღინიშნა ის პროგრესი საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელიც არსებობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების შემდეგ. ითქვა, რომ ევროკავშირის ბაზართან დაახლოების მიზნით გატარებული რეფორმების წყალობით, ბოლო პერიოდში ზრდადი დინამიკა აქვს საქართველოს ექსპორტს ევროკავშირში. აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ რეფორმებს, მათ შორის განაგრძობს DCFTA-ის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესაბამისად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში რეფორმების განხორციელებას. ინფორმაციისთვის: 2018 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს ექსპორტმა ევროკავშირში 12 პროცენტამდე მოიმატა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება კიდევ ერთი შეხვედრა გაფართოებული ფორმატით ევროკავშირის საელჩოს ხელმძღვანელ პირებთან, სადაც განხილული იქნება ევროკავშირის მონაწილეობით მიმდინარე და დაგეგმილი ყველა პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ფინანსურ, ასევე ტექნიკურ დახმარებას.
„ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, როგორ მივიღოთ ამ პროგრამებიდან მაქსიმალური შედეგი საქართველოსთვის. საუბარი იქნება ბევრ ინიციატივაზე. მაგალითად, ჩვენ გვსურს, ევროკავშირი დაგვეხმაროს სამშენებლო - საინჟინრო სტანდარტების ჩამოყალიბებაში, რომელიც შეეხება როგორც უშუალოდ მშენებლობის პროცესს, აგრეთვე მშენებლობის დაგეგმვისა და ინჟინერინგის ეტაპებსაც. გვსურს მივიღოთ შედეგები როგორც ენერგოეფექტურობის, ისე უსაფრთხო და ხარისხიანი მშენებლობის მიმართულებით და ეს სტანდარტები სასწრაფოდ არის შემოსაღები“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი ქობულიამ.