ბევრი ინვესტიცია და ინოვაციური ჩიპი, რომელიც საქართველოში სულ მალე გამოჩნდება, - ასეთია ბლოკჩეინინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიების შედეგი, რომელიც თბილისში 21-23 სექტემბერს გაიმართა.როგორც სამიტის ორგანიზატორი ბიტმეინის წარმომადგენელი საქართველოში, კარლო ჭანტურია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, საქართველოს 1000-მდე სტუმარი მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ეწვია.
მისივე თქმით, საქართველომ ბლოკჩეინინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების წარმომადგენლების დიდი ინტერესი გამოიწვია და ბევრმა მათგანმა ინვესტიციების ჩადების გადაწყვეტილება მიიღო.
ღონისძიებას, რომელიც ბიტმეინისა და მისი პარტნიორი კონპანიის ბიტკანის მხარდაჭერით ჩატარდა, სამი დღის განმავლობაში სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ მასპინძლობდა.
ცერემონია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ბიტმეინის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიჰან ვუმ გახსნა. მას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. სამიტზე სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანიც.
აღნიშნული კონფერენციას 30-ზე მეტი გამომსვლელი ჰყავდა. დამსწრე საზოგადოების ძირითად ბირთვს შეადგენენ: ბლოკჩეინინდუსტრიის სპეციალისტები, მასშტაბური მაინინგ-დატაცენტრების დამფუძნებლები, მაინინგპულების ექსპერტები და ა.შ.
სამიტის ფარგლებში ჩამოსულმა სტუმრებმა ქართული კულტურაც გაიცნეს.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბლოკჩეინ ინდუსტრიაში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების გაზიარება, ახალი ბიზნეს იდეების, ასევე კრიპტოვალუტისა და მაინინგის პოტენციალის განხილვა იყო.
„სამიტის ფარგლებში, მსოფლიოს უამრავი ქვეყნის წარმომადგენელის მხრიდან საქართველო ძალიან დადებითად შეფასდა. 70 ქვეყნის დაახლოებით, 1000 სტუმარი გვყავდა და ძალიან მოხიბლული არიან ჩვენი ქვეყნით, ასევე კულტურით. ძალიან ბევრმა მათგანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ინვესტიცია ჩადოს, რაც საქართველოს ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს.
ასევე, თავად ბლოკჩეინ ტექნოლოგია და მაინინგ ბიზნესი საქართველოში უფრო გაძლიერდება. რაც მთავარია, დაანონსდა საქართველოში ახალი ჩიპების გამოშვება. ზუსტი დრო უცნობია, თუმცა ძალიან მალე გამოჩნდება, რაც მაინინგ ბიზნესში სრულიად ახალი ეტაპი იქნება“,-განაცხადა ბიტმეინის წარმომადგენელმა საქართველოში კარლო ჭანტურიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, შპს „ბიტმეინ ტექნოლოჯი“, რომელიც ბლოკჩეინის ინდუსტრიაში ლიდერია, განკარგავს რამდენიმე მსხვილ კრიპტომიმართულებას: Antpool.com, BTC.com, connectBTC.com და hashnest.com. იგი ასევე აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის შექმნასა და განვითარებაზე.