ლილოში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდება - რას პასუხობს „კა დე ვე ჯორჯია“ მერიას

ლილოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.თბილისის მერიაში ამის მიზეზად ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დეტალებზე შეუთანხმებლობას ასახელებენ. როგორც მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუმარტეს, მთავრობამ არსებული კონტაქტის შესწორება ითხოვა, რაზეც კომპანიამ უარი განაცხადა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კა დე ვე ჯორჯია“ კი მერიას კონტრაქტის პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და მშენებლობაზე ნებართვის მისაცემად მერიას ვადას ოქტომბრის შუა რიცხვებამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, „ყველა დეტალზე“ ღიად საუბრით იმუქრება.

შეგახსენებთ, რომ „კა დე ვე ჯორჯიამ“ ტენდერში 2016 წლის აპრილში გაიმარჯვა. კონტაქტის მიხედვით, მას საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში უნდა დაეწყო, 2018 წლის ნოემბერში კი ქარხანა სატესტო რეჟიმში უნდა ამოქმედებულიყო.

2017 წლის 15 სექტემბერს თბილისის მერიას, თბილსერვისს და „კა დე ვე ჯორჯიას“ შეთანხმება შედგა და ხელშეკრულება გაფორმდა. შესაბამისად, კომპანიას 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაეცა მშენებლობისთვის. მშენებლობის ნებართვა კი ეკონომიკის სამინისტრომ მისცა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შემდეგ ხელშეკრულება გავიდა მთავრობის სხდომაზე, რომელზეც გარემოს დაცვის სამინისტრომ შენიშვნები წარმოადგინა, რომელიც არ ეხება ინტერესთა გამოხატვის წესებს.

თუმცა ხელშეკრულება ძალაში დღემდე არ შესულა. (ხელშეკრულება მთავრობის მიერ მისი მოწონების შემდეგ შედის, მთავრობას კი თანხმობა არ გაუქცია). როგორც „კა დე ვე ჯორჯიაში“ აცხადებენ, მერია მათგან ნარჩენების სეპარირებას ითხოვს, რისი ვალდებულებაც სატენდერო პირობებით მათ არ გააჩნიათ. მერიაში კი აცხადებენ, რომ მთავრობამ კონტრაქტი სწორედ ამის გამო დაიწუნა, „კა დე ვე ჯორჯიასთან“ შესწორებაზე შეთანხმება კი ვერ შედგა.

ამის საპასუხოდ გამარჯვებულ კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ სამართლებრივად არანაირი ხარვეზი არ აქვთ და მერიას უკანონობაში ადანაშაულებენ.

„მერიისგან ველოდებით ნებართვას. დონორებთანაც პრობლემები გვექმნება. ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ველოდებით მერიის პოზიციას და მერე უკვე გავახმოვანებთ ჩვენს გეგმებს. გაფართოვებულ პრესკონფერენციას ჩავატარებთ. ჩვენ სამოქმედო და გასაკეთებელი არაფერი გვაქვს. სეპარირება ჩვენ არ გვეხება, მაგაზე არც ყოფილა ინტერესთა გამოხატვა. ინტერესთა გამოხატვა იყო მხოლოდ პოლიგონზე ნარჩენების გადამამუშავებელი ახალი ტექნოლოგიების საწარმოს მშენებელობაზე. პოლიგონის გარეთ რა ხდება, არ არის ინტერესთა გამოხატვის თემა და ვერც ჩავერევით. ეს არის აბსულუტურად ხელოვნურად შექმნილი ბარიერი და კონტრაქტის შეჩერებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“,-აცხადებს „კა დე ვე ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ვაჟა სამადბეგიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

მერიაშ კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა არანაირ ვალდებულებას, რომელიც საქართველოს ნარჩენების კოდექსით და ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი, ამიტომ საქართველოს მთავრობამ იგი დაახარვეზა და მხარეებს, კომპანია "კა დე ვე-ს" და თბილისის მერიას მოუწოდა, შესაბამისობაში მოიყვანონ ხელშეკრულება ადგილზე სეპარირების ვალდებულებასთან დაკავშირებით.

„ეს ის ვალდებულებაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. მერია უკვე იწყებს შესაბამისი ურნების განთავსებას და 2019 წლიდან ეტაპობრივად მოსახლეობას ვალდებულება ექნება, რომ დაასეპარიროს და მოახდინოს ნარჩენების გათავისუფლება. ეს უნდა მოხდეს ადგილზე, ანუ ქუჩებში უნდა განვათავსოთ ცალ-ცალკე ნარჩენების ურნა. სამწუხაროდ, ხელშეკრულების პროექტი, რომელიც „კა დე ვე-სთან“ არსებობდა, ამ ვალდებულებას არ გულისხმობდა, ითვალისწინებდა მთლიანად შერეული ნარჩენის ქარხანაში განთავსებას, რის გამოც დაახარვეზა საქართველოს მთავრობამ.

სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა კომპანიასთან მოლაპარაკება საკითხებზე, რა ვალდებულებაც მთავრობამ მერიას დაუწესა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის სამართლებრივი. შესაბამისად, ამ ეტაპზე მერია იმყოფება კომპანიასთან დავაში და ითხოვს მიწის უკან დაბრუნებას, რომელიც მათ გადაცემული ჰქონდათ ქარხნის ასაშენებლად. აღნიშნული აბსოლუტურად სცილდება სეპარირებას, რაც კოდექსით და ასოცირების ხელშეკრულებით ეკისრება საქართველოს“,-აცხადებენ მერიაში.

მათივე განმარტებით, მერიამ კომპანიას შესთავაზა, რომ ახალ პირობებზე ემუშავა, მათ შორის, როდესაც ახალი კონკურსი გამოცხადდება, უკვე სეპარირების ვალდებულებით, კვლავ მიიღონ მონაწილეობა, რაზეც მათ ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

„2019 წლიდან მოსახლეობას ექნება ვალდებულება ნარჩენები დაასეპარიროს, მერიას ექნება ვალდებულება, რომ ურნები განათავსოს, ამაში დაიხარჯება ენერგია და საბიუჯეტო სახსრები, მაგრამ ადგილზე სეპარირება იქნება ფუჭი, თუკი მოხდება იმ სცენარით, რაც "კა დე ვე-ს" ხელშეკრულების პროექტით იყო გათვალისწინებული. მთელი ეს ნარჩენი ერთ ქვაბში მოიხარშებოდა. ჩვენ კომპიანიასთან გვქონდა კონტაქტი, მაგრამ მათი მხრიდან წარმოდგენილი სცენარი სცილდებოდა იმ სამართლებრივ ჩარჩოებს, რაც ინტერსესთა გამოხატვით მათ ჰქონდათ მინიჭებული.

ნებისმიერ კომპანიას თანაბრად კვლავ ექნება საშუალება მონაწილეობა მიიღოს კონკურსში. ლილოს ნაგავსაყრელზე ქარხნის მშენებლობა ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რაც ლილოს ნაგავსაყრელზეა. უკვე საკმაოდ დიდი თანხა გამოიყო ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მესამე უჯრედის გახსნა და მისი მოწყობა დავიწყეთ, ასევე იმ ვალდებულებების შესრულება, რაც კოდექსით გვაქვს გათვალისწინებული. იქ არის სუნის, მდინარის დაბინძურების პრობლემა და აქტიურად ვმუშაობთ ტექნოლოგიური ციკლის გაუმჯობესებაზე. სამწუხაროდ, არცერთი ეს კომპონენტი არ იყო გათვალისწინებული ამ ხელშეკრულების პროექტში“,- აღნიშნავენ მერიაში.

მათივე განცხადებით, თუ რაიმე ბრალდება აქვს „კა დე ვე ჯორჯიას“, მას შეუძლია სასამართლოზე დააფიქსიროს, სადაც მერიის შეტანილი სარჩელის მოპასუხეა და შესაძლებელია დავა ამ კუთხით გაგრძელდეს.

„კა დე ვე ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი კი აცხადებს, რომ ახალი ტენდერის გამოცხადება ხეკშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ხდება: „ჩვენი მხრიდან ხელშეკრულების დარღვევის საფუძველი არ არსებობს. მე ვარ ინვესტორი და კანონის ფარგლებში ვიმოქმედებ. მერია კი სასამართლოს დასრულებამდე ახალი ტენდერს ვერ გამოაცხადებს“, - განაცხადა ვაჟა სამადბეგიშვილმა.

ცნობისთვის, ლილოში ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა ლილოში, 50 ჰექტარზე იგეგმება. ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა დღეში 1000 ტონა საყოფაცხოვრებო ნარჩენს გადაამუშავებს.

ნინი ქეთელაური