2017 წლის განმავლობაში საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს თანამდებობრივი სარგოს მუხლში წარმოქმნილმა ჯამურმა ეკონომიამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რომელიც პრემია-დანამატების ხარჯების დაფინანსებაზე მიმართეს.ამის შესახებ უწყების ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშული, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, სამინისტროს და მის დაქვემდებარებულ უწყებებში (გარდა კოლეჯების,რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების) თანამდებობრივი სარგოს ნაწილში დამტკიცებული საბიუჯეტო პარამეტრი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ სახელფასო ფონდს 2,878.62 ათასი ლარით აღემატება.
„მოცემულ შემთხვევაში საბიუჯეტო პარამეტრი და მისი დაგეგმვის საფუძველი არსებითად განსხვავებულია, რამაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე ხარჯის აღნიშნულ მუხლში წარმოშვა ეკონომიის შესაძლებლობა. ამასთან, საშტატოს ნუსხის შესაბამისად განსაზღვრული სახელფასო ფონდის მოცულობა 1,341.74 ათასი ლარით აღემატება ამ მუხლის მიხედვით საკასო ხარჯს (ფაქტობრივ შესრულებას).
ამ ნაწილში ეკონომია თავის მხრივ განაპირობა ცალკეულ საშტატო პოზიციებზე ვაკანსიების არსებობამ, რომელიც წლების განმავლობაში არსებული არაოპტიმალური საშტატო სტრუქტურის შედეგია. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო წლის განმავლობაში თანამდებობრივი სარგოს მუხლში წარმოქმნილმა ჯამურმა ეკონომიამ შეადგინა 4,220.36 ათასი ლარი, რომელიც მიმართული იქნა შრომის ანაზღაურების სხვა ფორმის - პრემია/დანამატების - ხარჯების დაფინანსებაზე“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში, სადაც განმარტებულია, რომ თანამდებობრივი სარგოს მუხლით დამტკიცებული ასიგნება იყო 30,024.06 ლარი, სახელფასო ფონდი საშტატო ნუსხის მიხედვით 27,145.44 ლარი, საკასო ხარჯი - 25,803.70 ლარი.