“ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნოდ დახარჯული და ნაჩვენები თანხები ერთმანეთისაგან ასტრონომიულად არის აცდენილი- სამართლიანად ჩნდება ეჭვი, რომ ბიზნესს „შავ ყულაბაში“ შეაქვს ფული, - ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ფულის აკუმულირების გზა არის ის, რაც “ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებში ისმის. გოცირიძის თქმით, გამოძიებული უნდა იყოს “ქართული ოცნების“ საარჩევნო ფონდის განკარგვის საკითხი.
“როგორც თქვენი განცხადებიდან გავიგე, თურმე “ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ვიღაცები რაღაც დადგმულ ფარულ ჩანაწერებს უქმნიან. აქ საუბარია ადამიანზე, ვისთანაც უშუალო შეხებაში იყო თქვენი მინისტრი - სპორტის მინისტრი. თქვენ დღესვე უნდა ითხოვდეთ ლევან ყიფიანისთვის ხელბორკილების დადებას. როცა საუბარია, რომ ფული “ქართული ოცნების“ ფონდებში მიდიოდა, ფინანსისტებს გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ თქვენს მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულია 20-ჯერ ნაკლები, ვიდრე რეალურად დახარჯეთ“, - მიმართა რომან გოცირიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს.
ირაკლი კობახიძემ გოცირიძეს “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დეკლარირებული თანხების ნახვა ურჩია და აღნიშნა, რომ მათ მიერ დეკლარირებული თანხა სასაცილოა დახარჯულთან შედარებით.
“სათითაოდ გეტყვით რამდენი აგიტატორი, ზონის უფროსი და უბნის უფროსი გყავდათ და რამდენი იყო მათი ხელფასი თითოეული თვის განმავლობაში. პოლიტიკური კორუფცია არის თქვენი მოგონილი, თქვენი სტილი, ისევე როგორც ფარული ჩანაწერები არის თვენი სტილი“, - მიმართა პასუხად კობახიძემ გოცირიძეს და კოლეგის გამოსვლას “მარგინალური“ უწოდა.