რუსული კაპიტალის ახალი შემოტევა

რას წარმოადგენს რუს მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბი და რატომ აპირებს ჰიდროენერგეტიკაში დიდი ფულის დაბანდებას

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, საქართველოში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ რუს ბიზნესმენთა ჯგუფი ჩამოსვლას გეგმავს. მათ შორის იქნებიან რუს მართლმადიებელ მეცენატთა კლუბის წევრები, რომლებიც კაპიტალდაბანდებას ენერგეტიკაში აპირებენ. ექსპერტები მთავრობას ურჩევენ, გაიზიარონ ამერიკისა და ევროპის ბევრი ქვეყნის გამოცდილება და სტრატეგიულ დარგში რუსი ინვესტორების შემოყვანას დიდი სიფრთხილით მოეკიდონ.

საქართველოში რუს მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის წევრების პარტნიორი ”ენერგოგანვითარების ფონდია”. მისი ხელმძღვანელი გიორგი ბეჟუაშვილი ”რეზონანსთან” საუბრისას განმარტავს, რომ ამ დროისთვის დეტალები ცნობილი არ არის და არც ის არის გარკვეული, როდის ჩამოვლენ კლუბის წევრები საქართველოში.

”კლუბის წევრებთან გვქონდა ურთიერთობა. ისინი დაინტერესებულები არიან ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტებით, რომელიც საჯაროა და ჩვენს ვებგვერდზეა განთავსებული. გავაკეთეთ პრეზენტაცია, გავაცანით საქართველოს ბიზნეს გარემო. სხვა დეტალები ჯერჯერობით გარკვეული არ არის”, - აღნიშნა გიორგი ბეჟუაშვილმა.

რას წარმოადგენს რუს მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბი

ეს არის რუსეთის საპატრიარქოსთან დაახლოებული ელიტური კლუბი, რომელიც 2003 წლის ნოემბერში დაარსდა. კლუბის თავმჯდომარეა ანდრეი პოლკონსკი, ხოლო წევრები სხვადასხვა ბიზნესსფეროს წარმომადგენლები. ორგანიზაციის წევრთა უმთავრესი მოვალეობაა წვლილი შეიტანონ ძლიერი რუსული სახელმწიფოს შექმნაში, რომელიც გამორჩეული იქნება არა მარტო ეკონომიკური პოტენციალით, არამედ ზნეობრივ-სულიერი ღირებულებებით. კლუბს საკუთარი წარმომადგენლობა აქვს სომხეთში.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა აფხაზეთში განხორციელებული მუშაობისთვის, 2009 წლის მარტში, სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიისგან დალოცვაც მიიღო. რუს მართლმადიდებელ მეცენატებს საქართველოსთან უკვე ჰქონდათ შეხება, როდესაც 2013 წლის 15 ოქტომბერს კლუბის და მათი ქართველი პარტნიორების ორგანიზებით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში გაიხსნა საერთაშორისო გამოფენა: ”სახელობითი ხატი - ისტორია და თანამედროვეობა”.

რუსული ინტერესი ქართულ ენერგეტიკაში

დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წევრი, წინა ხელისუფლების მიერ ენერგეტიკულ ობიექტებში რუსული ინვესტიციების მოზიდვის მცდელობას ხშირად აკრიტიკებდა. ბოლო ასეთი შემთხვევა იყო ”ენგურჰესის” ერთობლივ მართვასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ ”რაო ეესს” შორის გაფორმებული მემორანდუმი. ახლა კი აღმოჩნდა, რომ სტრატეგიულ სექტორებში რუსული ინვესტიციის მოზიდვა უკვე არც ამ ხელისუფლებისთვის არის მიუღებელი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ზოგადად, რუსული ინვესტიცია საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ არსებობს სფეროები, სადაც კონკრეტული წინადადებები კარგად უნდა გაანალიზდეს – იკვეთება თუ არა მის უკან პოლიტიკური კომპონენტი.

”ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. ჩვენ ვიცით ევროპული ქვეყნების დამოკიდებულება რუსულ კომპანიებთან დაკავშირებით, იგივე ”გაზპრომთან”, რომელსაც დიდი ქსელების შესყიდვა უნდა. ამ მიმართულებით, თავდაცვის მექანიზმს ქმნიან შეერთებულ შტატებში. არსებობს საგარეო ინვესტიციების კომიტეტი, რომელიც ატარებს ექსპერტიზას – ეს ინვესტიცია არის წმინდა ბიზნეს ინვესტიცია თუ აქ არის პოლიტიკური ინტერესები. კონკრეტული პროექტიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ, რამდენად არსებობს შესაძლებლობა, რომ ამა თუ იმ პოლიტიკურმა ინვესტიციამ ქვეყანას საფრთხე შეუქმნას”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

იგი განმარტავს, რომ საქართველოში საკმაოდ ფართოდ საქმიანობს”რაო ეესი”, რომლის შემადგენლობაშიც არის ”თელასი”. ეს კომპანია მონოპოლისტია თბილისის ბაზარზე, მნიშვნელოვანი წილი გააჩნია გენერაციის მიმართულებითაც.

”რისკი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, გააჩნია, რა მასშტაბის პროექტზე იქნება საუბარი. ჩემი აზრით, აბსოლუტურად მისაღებია სისტემა, რომელიც ამერიკაში მუშაობს. საქართველოშიც უნდა შეიქმნას სპეციალური კომიტეტი, პრემიერ-მინისტრთან იქნება თუ პრეზიდენტთან, რომელიც განიხილავს ნებისმიერ ინვესტიციას სტრატეგიულ დარგებში - ენერგეტიკა, საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სხვა, სადაც შეიძლება პოლიტიკური ინტერესი გაჩნდეს”, - ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ ძალიან უცნაური სახელწოდებაა ”რუს მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბი”. ამ შემთხვევაში ერთმორწმუნეობაზე საუბარი პოლიტიკურ კონტექსტს ცვლის.

”ასეთი აქცენტის გაკეთება ღიმილს იწვევს. ფაქტია, რომ ესენი არიან რუსი ბიზნესმენები. მრწამსის ბიზნესთან აპელირება შეუთავსებელია”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ჯერ კიდევ, რამდენიმე თვის წინათ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოში რუს ბიზნესმენთა დიდი ჯგუფი ჩამოვიდოდა. ამ ბიზნესმენებს ღიად შესთავაზებენ იმ მსხვილ პროექტებს, რომლებიც კარგა ხანია გაიწერა, მაგრამ ჯერ არ განხორციელებულა.

”მაქვს ინფორმაცია, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოსვლას აპირებს რუს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებსაც რამდენიმე მსხვილ პროექტში ინვესტირების სურვილი აქვთ. ეს, გარკვეულწილად, დაპირისპირება იქნება ევროპულ პერსპექტივასთან. ვერ გეტყვით, ამ ჯგუფში იქნებიან თუ არა მართლმადიდებელ მეცენატთა კლუბის წევრები.

თავად ეს თემა, რომელიც მართლმადიდებლობით იწყება, ბევრ კითხვას ბადებს. ჩემი აზრით, ეს არის ცუდად დაგეგმილი ავანტიურა. ჰესის მშენებლობას რაიმე რელიგიური საყრდენი არ უნდა ჰქონდეს. ეს ის შემთხვევაა, რომელიც ასჯერ უნდა გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ”, - ამბობს ცისკარიშვილი.

ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე ინტერესთა გამოხატვა რამდენიმე ათეულ ჰესზეა გამოცხადებული. შესაბამისად, ენერგეტიკულ სექტორს მსხვილი ინვესტორები სასწრაფოდ სჭირდება. ”რეზონანსი” უკვე წერდა, რომ წლის პირველ კვარტალში ამ სექტორში მხოლოდ 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ხელისუფლებას მაინც ურჩევენ, რომ იმ ქვეყნის ინვესტორებთან, რომელსაც ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს, სიფრთხილე გამოიჩინოს.

მაკა ხარაზიშვილი

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”