ენერგეტიკის სფეროში ახალი კანონმდებლობის შემუშავებისა და ამ პროცესში ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნათა გათვალისწინების შესახებ მსჯელობდნენ დღეს, სასტუმრო „რუმს ჰოტელში“ გამართულ შეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები და ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავნჯდომარემ, რომან კაკულიამ, შეხვედრის გახსნისას განაცხადა, რომ ენერგოეფექტურობა არის საკითხი, რომელსაც ახლა მთელი ევროპა ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს.
„დადგენილია, რომ ენერგიის დაახლოებით 40% ხმარდება შენობა-ნაგებობების გათბობას, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს დანახარჯები შენობა-ნაგებობების გათბობაზე და ამასთანავე გაიზარდოს ალტერნატიული, განახლებადი ენერგიის წყაროების მოხმარების ხვედრითი წილი. ეს ყველაფერი, თავისთავად ცხადია, შესაბამისად უნდა აისახოს კანონმდებლობაში. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან სერიოზული მსჯელობა მოგვიწევს თითოეულ იმ ღონისძიებაზე, ვადაზე, შესაბამისობაზე, რომელიც იქ არის დადგენილი. ასევე, სტრატეგიაზე, ენერგოეფექტურობის გამოწვევებზე და სხვა დეტალებზე“, - განაცხადა კაკულიამ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ენერგეტიკის დარგის სპეციალისტებმა ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების პროცესზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სისტემური პრობლემების თაობაზე. ჰესების განვითარების, სატარიფო პოლიტიკისა და დარგში არსებულ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე. განიხილეს გამოსავლისთვის საჭირო ღონისძიებები. შეხვედრაზე იმსჯელეს ასევე „ენერგეტიკული სტრატეგია -2030“-ის შემუშავების მიმდინარეობის საკითხზეც, რომელსაც მთავრობა ახლო მომავალში წარუდგენს პარლამენტს.
„როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრები და ევროპის ასოცირებული წევრები, უკვე წლებია ჰარმონიზების კუთხით ვმუშაობთ. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომელიც პირველ რიგში უნდა აისახოს ჩვენს სტრატეგიაში, ამასთანავე ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობაც ახლახან შემოვიდა.
მთლიანობაში ჩვენ შევჯერდით იმაზე, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ცალკე შეხვედრას მივუძღვნით უშუალოდ სტრატეგიის ფორმირებას. ხოლო ექსპერტების მიერ დღეს გამოთქმული მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება სწორედ სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის მომზადების პროცესში“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.