ბიოპარკები, რითაც 1-ელი ოქტომბრიდან პოლიეთილენის პარკები უნდა ჩანაცვლდეს,  შედარებით ძვირი ეღირება

პოლიეთილენის პარკებთან შედარებით ბიოპარკების შეძენა შედარებით ძვირი ეღირება.როგორც ცნობილია, 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად იკრძალება, რის ფარგლებშიც პლასტიკის პარკები სწორედ ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლდება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურს უფროსმა ალვერდ ჩანქსელიანმა განაცხადა, ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება შედარებით უფრო ძვირია და „გარკვეულწილად ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასის ზრდას“.

ამის პარალელურად, ჩანქსელიანმა იმ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რასაც პოლიეთილენის პარკები იწვევს.

„ეს გლობალური საკითხია. პლასტიკის ნარჩენებმა ძალიან სერიოზული საფრთხე შეუქმნა ეკოსისტემებს, ეკოლოგიასა და ადამიანის ჯანმრთელობას. ის ფაქტობრივად, ყველა ცოცხალ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება და მათ შორის, საქართველოშიც გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები. ეს არის პლასტიკის პარკების ბაზარზე განთავსების შეზღუდვა. პლასტიკის პარკი გარემოში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იშლება. მას ცხოველები ხშირ შემთხვევაში იყენებენ საკვებად და არსებობს სხვადასხვა მონაცემები იმის შესახებ, რომ ასეულობით მილიონი ცხოველი იღუპება პლასტიკის პარკებისგან. პლასტიკის პარკი დაშლის შემთხვევაში, ჯერ კიდევ შეიცავს სხვადასხვა საშიშ ნივთიერებებს. ძალიან რთულია მისი გადამუშავება, ძალიან სერიოზულ თანხებთან არის დაკავშირებული“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.

მისივე თქმით, პოლიეთილენის პარკების ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩანაცვლება ფასის ზრდას გამოიწვევს, თუმცა ეს მნიშვნელოვანი არ იქნება.

„ჩანაცვლება უნდა მოხდეს ბიოდეგრადირებადი პარკებით, რომელიც ბუნებაში სრულად და სწრაფად იშლება და იმ პრობლემებს არ წარმოქმნის, რასაც პლასტიკის პარკები. როდესაც საუბარია ბიოდეგრადირებულ პარკებზე, მისი წარმოება შედარებით უფრო ძვირია და გარკვეულწილად ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ფასის ზრდას, მაგრამ პლასტიკის პარკის ზიანი იმდენად მაღალია, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს ეკოლოგიისა და ადამიანის ჯანმრთელობის სასარგებლოდ“, - განაცხადა ჩანქსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი ოქტომბრიდან ერთჯერადი პარკების მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება.