„პოლიეთილენისგან ბევრი პროდუქტი მზადდება და კონკრეტულად, რას შეეხება 2019 წლის აპრილიდან აკრძალვა, კიდევ დასაზუსტებელია. რეგლამენტი დეტალურ და პუნქტობრივ დამუშავებას მოითხოვს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ პოლიეთილენის მწარმოებელი კომპანია „აა პლასტის“ დირექტორმა მელიტა პატარიძემ განუცხადა. ბიზნესმენი ამბობს, რომ თუ აკრძალვა მთლიანად პლასტიკს შეეხება, ეს სოფლის მეურნეობას და სხვა დარგებსაც სერიოზულად დააზარალებს.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 1-ლი ოქტომბრიდან საქართველოში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება. მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით კი, 2019 წლის 1-ლი აპრილიდან იკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. რეგლამენტის მიხედვით, ქვეყანაში დაშვებული იქნება საქართველოს სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
პლასტიკის პარკები გამოიყენება როგორც მაღაზიებში პროდუქციის მოსათავსებლად, ასევე პლასტიკით არის დამზადებული სხვადასხვა პროდუქციის შესაფუთი მასალა. პოლიეთილენის პარკები ფართოდ არის გავრცელებული სოფლის მეურნეობაში ე.წ. სათბურების მოსაწყობად. შესაბამისად, რეგლამენტში არსებულმა ჩანაწერმა - პლასტიკი - მწარმოებლებსა და მოსახლეობაში გაურკვევლობა გამოწვია. ამიტომ ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი, „აა პლასტის’’ დირექტორი მელიტა პატარიძე ინიციატორთან შეხვედრის და ტექნიკური რეგლამენტის მუხლობრივად, უფრო დეტალურად ჩაშლის ინიციატივით გამოდის.
„პოლიეთილენისგან ბევრი პროდუქტი მზადდება და კონკრეტულად, რას შეეხება 2019 წლის აპრილიდან აკრძალვა, კიდევ დასაზუსტებელია. რეგლამენტი დეტალურ და პუნქტობრივ დამუშავებას მოითხოვს. ჩვენ ვაპირებთ ინიციატორთან შეხვედრას და ყველა პუნქტის დეტალურად გავლას. შეხვედრა აქამდეც რამდენჯერმე გაიმართა, მაგრამ ახლაც, როცა რეგლამენტი უკვე მზადაა, აუცილებელია კიდევ შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა. ჩვენ უნდა დეტალურად ვიცოდეთ, რა იკრძალება. მაგალითად, პლასტიკი აქტიურად გამოიყენება სოფლის მეურნეობის სფეროში, გლეხები სათბურების მოსაწყობად იყენებენ პოლიეთილენს. ამის წარმოება თუ აიკრძალა, ეს გლეხებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენებს. ყველას არ აქვს შესაძლებლობა, რომ სათბური მინებით ააშენოს, ეს ძალიან ძვირი ჯდება. ამიტომ ვგეგმავთ შეხვედრას მთავრობის, სამინისტროს წარმომადგენლებთან და რეგლამენტის პუნქტობრივად ჩაშლას“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ მელიტა პატარიძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანის განმარტებით კი აკრძალვა პოლიეთილენის მხოლოდ იმ სახეობას ეხება, რომელსაც მაღაზიებში იყენებენ.
„აიკრძალება მხოლოდ პარკები და არა პლასტიკის სხვა ნაწარმი. თუ ტექნიკური რეგლამენტი ორმაგად იკითხება, ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახავთ ექსპერტებთან ერთად და თუ საჭიროდ ჩავთვლით, ჩავასწორებთ. ასევე, მწარმოებლებს და რეალიზატორებს კიდევ ერთხელ განვუმარტავთ, თუ რა იკრძალება და რა არა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ ჩანქსელიანმა.