"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წელს 8 868 543 ლარის დანამატი აქვს გაცემული"

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წელს, 8 868 543 ლარის დანამატი აქვს გაცემული,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფინანსური აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

ანგარიშში აღნიშულია, რომ სამინისტროში დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების საკმარის გამჭვირვალობას, ვინაიდან, ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

ამავე ანგარიშის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აპარატიდან გაცემულია 1 112 288 ლარის დანამატი, გარემოს დაცვის სამინისტროს აპარატიდან - 976 305 ლარის დანამატი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან 1 186 647ლარი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან 1 230 222 ლარი, გარემოს ეროვნული სააგენტოდან - 1 010 901 ლარი; სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოდან 1 405 640 ლარი, სურსათის ეროვნული სააგენტოდან - 1 174 361 ლარი.

„სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებში სახელფასო დანამატები გაიცემოდა სხვადასხვა საფუძვლით, თუმცა დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა. სამინისტროს სისტემაში თანამშრომლებზე სულ 2017 წელს „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეულია 53,457,790 ლარის საკასო ხარჯი, მათ შორის, დანამატი 8,868,543 ლარი, რაც „შრომის ანაზღაურების“ მუხლით გაწეული საკასო ხარჯის 16.6%-ს შეადგენს. საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, დანამატის კატეგორია მოიცავს არასამუშაო საათებში, ღამის ცვლაში, სადღესასწაულო და დასვენების დღეებში მუშაობისათვის განკუთვნილ დამატებით საზღაურს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ სხვა დანამატს, მათ შორის, განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის საზღაურს. დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების საკმარის გამჭვირვალობას, ვინაიდან, ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, ამავე ანგარიშიდან ირკვევა რომ ა(ა)იპ - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან და სსიპ სოფლის მეურნეობის ლაბორატორიიდან დანამატები არ გაცემულა.