„სუნელებში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირება იყო და ამ კუთხით ზომები უკვე მიღებულია"

სუნელებში 2017 წელს, ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი ფალსიფიცირება იყო და ამ კუთხით უკვე ზომები მიღებულია, - ამის შესახებ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის წარმომადგენლებმა ლეილა ტაბატაძემ და მამუკა კოტეტიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, სადაც ისაუბრეს სურსათში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევაზე, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის ნიმუშებზე დაყრდნობით განხორციელდა.

ლეილა ტაბატაძის განცხადებით, აღნიშნული ნიმუშების მიხედვით, ტყვიის ყველაზე დიდი შემცველობა სუნელებში იყო. მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი არა ნიადაგი, არამედ ფალსიფიცირება იყო და ამასთან დაკავშირებით უკვე გატარდა ზომები.

„სურსათში ტყვიის ყველაზე მეტი კონცენტრაცია აღმოჩნდა სუნელებში. სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც დაადასტურა, რომ სუნელების გარკვეულ ნიმუშებში ტყვიის შემცველობა ძალიან დიდი რაოდენობით აღმოჩნდა. განსაკუთრებით ეს უკავშირდებოდა ყვითელი ყვავილის შემცველ სუნელებს. ჩვენი ანალიზით, სუნელებში ტყვიის ასეთი კატასტროფული შემცველობა გარემოდან არ უნდა იყოს განპირობებული, თუ გავითვალისწინებთ გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებს ნიადაგსა და ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით, სადაც საშუალო მონაცემები ნორმას არ აჭარბებს. სამეცნიერო კვლევების შედეგების ანალიზით ირკვევა, რომ ნიადაგიდან მცენარეებში ტყვიის შეთვისების კოეფიციენტიც ძალიან დაბალია. ჩვენი აზრით, ეს ნამდვილად დაკავშირებულია ფალსიფიცირებასთან. ეს დაადასტურა კიდეც სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც, რომ სუნელებში აღმონდა საღებავები და თანაც არასაკვები საღებავები. უკვე მიღებულია გარკვეული დროებითი ზომები სუნელების ფალსიფიცირებასთან დაკავშირებით და მონიტორინგის შედეგებიც საიმედოა. ასეთი დარღვევები დიდი რაოდენობით აღარ არის“, - განაცხადა ლეილა ტაბატაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ზრდასრულებში სურსათისმიერი ტყვიის მიღება შეადგენს 1,63 მიკროგრამს სხეულის ერთ კილოგრამ წონაზე, ხოლო ბავშვებში 3.11 მიკროგრამი 1 კილოგრამზე (როცა ბავშვის წონა საშუალოდ 20 კილოგრამია).

„ეს მონაცემები შედარებული იყო შესაბამის ევროპულ მონაცემებთან, სადაც ზრდასრულებში ეს მონაცემები მერყეობს 0.36 მიკროგრამსა და 1,24 მიკროგრამს შორის“, - განაცხადა ლეილა ტაბატაძემ.