ღვინის ბუტიკ-კაფე „ვაინ ენდ დაინში“ კომპანია „ქართული ღვინის სახლის“ ახალი პროდუქციის პრეზენტაცია გაიმართა.
კომპანიამ ღვინის ახალი ბრენდი „დარდიმანდი“ და ორი სახეობის ჭაჭა -„ჭაჭა ვერცხლი“ და „ჭაჭა მუხა“ წარადგინა.
სპეციალურად, საქართველოს ბაზრისთვის შემუშავებული დიზაინი, გამორჩეული, თანამედროვე და ორიგინალური შეფუთვა - ის მახასიათებლებია, რაც ახალი სერიის ცხრა დასახელების თითოეულ ბოთლ ღვინოს განასხვავებს. სერიაში წარმოდგენილია როგორც სუფრის, ისე ადგილწარმოშობის დასახელების თეთრი და წითელი ღვინოები.
პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს ახალი პროდუქცია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საგანმანათლებლო ფონდის სერტიფიცირებულმა ტრენერმა, სომელიე გიორგი დარციმელიამ წარუდგინა.
„ქართული ღვინის სახლის“ ახალი პროდუქცია გამორჩეულია როგორც შეფუთვით, ისე გემოვნური თვისებებით. ყველაზე მეტად რაც მომეწონა, „დარდიმანდის“ სერიის ღვინოებში - ბალანსია. ალკოჰოლის შემცველობა დაახლოებით 11-12%-ია, რაც პროდუქციის დაბალანსებულ გემოსა და არომატს უზრუნველყოფს. ამ ტიპის ღვინოები განსაკუთრებით უხდება ქართულ სამზარეულოს. დაბალანსებულ ღვინოს შეუძლია, არაჩვეულებრივი პარტნიორობა გაუწიოს სანელებლებით შეზავებულ, ცხარე კერძებს. ხშირად მომხმარებელი ფიქრობს, რომ ნახევრადტკბილი ღვინოები მხოლოდ სადესერტოა, თუმცა ქართული ნახევრადტკბილი ადგილობრივი სამზარეულოს ბევრ კერძს უხდება. მაგალითად ქინძმარაული და ხვანჭკარა განსაკუთრებულ სინთეზშია დავარგებულ ყველთან,“ - აღნიშნავს გიორგი დარციმელია.
როგორც „ქართული ღვინის სახლის“ მარკეტინგის მენეჯერი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ცინცაძის 58-ში მდებარე ბუტიკ-კაფე „ვაინ ენდ დაინში“ ქართული წარმოების ღვინოებთან ერთად, მალე ევროპული პროდუქტიც იქნება წარმოდგენილი.
„იმედია, რომ ახალი პროდუქცია ქართველი მომხმარებლების მოწონებას დაიმსახურებს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამისთვის. ღვინის შეფუთვით დაწყებული მისი არომატით დამთავრებული, ყველა დეტალი სპეციალურად ადგილობრივი ბაზრისთვისაა გათვლილი. ამავდროულად, „დარდიმანდის“ ღვინოები საშუალო საფასო სეგმენტში ჯდება და მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია,“ -ამბობს ნათია ფაილოძე.
მისივე განმარტებით, მაღაზია „ვაინ ენდ დაინში“ წარმოდგენილი ყველა პროდუქტი მაღალი ხარისხისაა და სტანდარტები მკაცრად კონტროლდება.
ბუტიკ-კაფე „ვაინ ენდ დაინში“ ქართული მსხვილი მწარმოებლების ღვინოსთან ერთად მცირე მარნების პროდუქციაცაა წარმოდგენილი. ადგილზე მომხმარებლებს ხვდებათ როგორც კარგი ღვინო, ასევე ყველაფერი, რაც მას უხდება. მაღაზიაში მიაჩნიათ, რომ კერძების ალკოჰოლთან სწორი შეხამება კარგი საღამოს დაგეგმვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ კუთხით „ვაინ ენდ დაინის“ გამოცდილი ჯგუფი ძალისხმევას ნამდვილად არ იშურებს და მომხარებლებს ბევრ სიახლეს, საინტერესო გემოსა და არომატებს სთავაზობს.
ქრისტინე გამთენაძე