სპორტული და პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია „პორშემ“ გამოაცხადა, რომ აღარ გამოუშვებს ავტომობილებს, რომლებიც დიზელის ძრავებით იქნება აღჭურვილი.სამაგიეროდ, ცუფენჰაუზენელები აქცენტს ჰიბრიდულ აგრეგატებსა და ელექტრულ ტექნოლოგიებზე გადაიტანენ. კომპანია ამ მიმართულებით, 2020 წლამდე 6 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.
„პორშე“ დიზელისძრავიან ავტომობილებს თებერვლიდან აღარ აწარმოებს, რაც პირველ რიგში, ასეთ ავტომობილებზე მოთხოვნის მკვეთრმა ვარდნამ განაპირობა. „პორშე დიზელის დემონიზირებას არ აწარმოებს. ასეთი აგრეგატები მრეწველობაში კვლავაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. მაგრამ სპორტული ავტომობილების მწარმოებლისთვის, დიზელი ყოველთვის მეორეხარისხოვანი აგრეგატი იყო. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ კომპანიას ეს აგრეგატი აღარ დასჭირდება“, - ამბობს „პორშეს“ შეფი ოლივერ ბლუმე.
სხვათა შორის, კომპანიის გაყიდვების შტოს შეფი დეტლეფ ფონ პლატენი ირწმუნებოდა, რომ კომპანია დიზელის აგრეგატების გამოყენებას „კაიენსა“ და შესაძლოა „მაკანზეც“ აპირებდა. მაგრამ საბოლოოდ ასე არ მოხდა.
ამასობაში კი კომპანია წარმოებისთვის თავის პირველ ელექტრომობილს ამზადებს. მას სახელიც შეურჩია - „ტაიკანი“. ეს იქნება სპორტული მოდელი, რომელსაც ორი ელექტრო ძრავი მოემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 600 ცხენის ძალას მიაღწევს. ავტომობილის სვლის სიშორე ერთ დამუხტვაზე 500 კილომეტრი უნდა იყოს.
„პორშე“ ირწმუნება, რომ 2025 წლისთვის მის სამოდელო გამაში, ყოველი მეორე ავტომობილი ელექტრიფიცირებული იქნება.