გამომგონებელმა საუდის არაბეთიდან ნასერ ალ შავაფმა და ჰოლანდიურმა საინჟინრო კომპანია BPO-მ, ერთობლივად შეიმუშავეს უცნაური ავტომობილი, რომელიც ადამიანის ფეხის ძალით გადაადილდება. ავტომობილს „ფიტქარ“ დაარქვეს.
უჩვეულო ავტომობილი „აუდი A4-ის“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც 2.0-ლიტრიანი TFSI ძრავით და ავტომატური ტრანსმისიით იყო აღჭურვილი. თუმცა ძრავი და კოლოფი ველოსიპედის პედლებით შეიცვალა. მათი კვანძი კი მქნევარას დაუკავშირდა, რომელიც აქსელერატორს ამოძრავებს. სამუხრუჭე პედლის ნაცვლად კი ხელის ბერკეტი გამოიყენეს.
„მსოფლიოს ბევრ ქალაქში მიწევს მუშაობა და სადაც სამუშაოზე მისასვლელად და იქიდან შინ დასაბრუნებლად, ერთ გზაზე საშუალოდ 60 წუთი მჭირდება. ყოველდღე ორ საათს ვკარგავ და თანაც, ამას არაჯანსაღ სიტუაციაში ვაკეთებ. ამიტომ წარმოიშვა ისეთი ავტომობილის შექმნის იდეა, რომელიც გარეგნულად ჩვეულებრივად გამოიყურება და A-დან B პუნქტამდე უსაფრთხოდ გადაადგილება შეუძლია. ამასთან, „ფიტქარ“ იმით გამოირჩევა, რომ გზაში ვარჯიშის შესაძლებლობას გაძლევს“, - ამბობს ალ შავაფი და დასძენს, რომ ამ ავტომობილით, ყოველ ნახევარ საათში, დაახლოებით 300 კალორიის დაწვაა შესაძლებელი.
„ფიტქარს“ სამი რეჟიმი აქვს: როცა აირჩევთ „დრაივ სლოუს“, ნელ რეჟიმში მოძრაობას შეძლებთ, თუ აჩქარება გსურთ, გადახვალთ რეჟიმზე „დრაივ ფასტ“. თუ აირჩევთ „ნო დრაივს“, გაჩერებულზე პედლებით ვარჯიშის საშუალება გექნებათ. გარდა ამისა, ავტომობილს აქვს გადამრთველი, რომლის გადატრიალებითაც, პედლებზე წინააღმდეგობის ცვლის საშუალება გეძლევათ.
BPO-ს დამაარსებელი ოსკარ ბროკადეს ცაალბერგი განმარტავს ბაზისად „აუდი A4-ის“ არჩევის მიზეზს - მისი თქმით, ეს ავტომობილი იმის საშუალებას იძლევა, რომ მძღოლის პოზიციაზე, ველოსიპედის პედლების კვანძი დამონტაჟდეს და მათი ტრიალი კომფორტული იყოს. ის ამბობს, რომ პროექტზე მუშაობისას, ალ შავაფთან ერთად, ორი მიზანი დაისახა. ან რომელიმე ავტომწარმოებელი დააინტერესოს, ან კერძო შეკვეთებზე იმუშაოს, რა დროსაც მეორად ავტომობილებს გამოიყენებს.
„ფიტქარის“ შემქმნელებმა, თავიანთ პროექტზე საერთაშორისო პატენტი უკვე მოიპოვეს. ახლა კი ჰოლანდიაში საერთო სარგებლობის გზებზე სარგებლობის ლიცენზიას ელიან, რაც პედლებიან ავტომობილს, ევროპის გზებზე გადაადგილების უფლებას მიანიჭებს.