მიკროავტობუსები ტექნიკურ დათვალიერებას წელიწადში ორჯერ გადიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“ "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, თინა ბოკუჩავას საპასუხოდ განუცხადეს.
კომპანიის ინფორმაციით, მიკროავტობუსები ტექდათვალიერებას ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულ ტექდათვალიერების ცენტრებში გადიან. თბილისში სულ 1800-მდე მიკროავტობუსი მოძრაობს და ეს ინდივიდუალურად ხდება.
„თბილისის მიკროავტობუსები ტექდათვალიერებას კომპანიის დაარსების დღიდან გადიან წელიწადში ორჯერ და ეს კანონითაა განსაზღვრული. ამდენად, ისინი აქამდეც გადიოდნენ ტექდათვალიერებას. თუ ამ პროცესის დროს მიკროავტობუსს ხარვეზი დაუდგინდა, ამ ხარვეზს ერთი თვის ვადაში ასწორებენ და ისევ ტექდათვალიერების ცენტრებში ბრუნდებიან დათვალიერების გასავლელად“, – აცხადებენ კომპანია „თბილისის მიკროავტობუსში“.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ გარემოს დაცვის კომიტეტის წარმომადგენლებისა და არასამთავრობო სექტორს შორის დღევანდელ შეხვედრაზე განუცხადა, რომ თბილისში მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსების 48%-ს არ გაუვლია ტექდათვალიერება და შესამოწმებლად საერთოდ არ გამოცხადებულა.