„პროგრეს ბანკის“ ლიკვიდაციის პროცესი შეწყდა და არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნა.
ამის შესახებ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას 18 სექტემბრის განკარგულებაშია აღნიშნული.
„შეწყვეტილად ჩაითვალოს სს „პროგრეს ბანკის “ ლიკვიდაციის პროცესი. სს „პროგრეს ბანკს “ დაეხუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი სალიკვიდაციო ანგარიშები. ასევე ამოღებულ იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის სათანადო რეესტრიდან. „პროგრეს ბანკი “არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნას,“-აღნიშნულია განკარგულებაში.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, "პროგრეს ბანკს" გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში კი სს "პროგრეს ბანკი" არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად უნდა გარდაქმნილიყო.
ამასთან, როგორც ცნობილია, 2016 წლის სექტემბერში სს "პროგრეს ბანკის" აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს "თიბისი ბანკმა" შეიძინა.