გიორგი მჭედლიშვილი: "ახლა საქართველოში ვარ და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად ვმუშაობ. ერთ-ერთი მთავარი განხრა საქართველოს აგრობიზნესის განვითარებაა"
12-მა ამერიკელმა სტუდენტმა გადაწყვიტა, NASA-ს კონკურსში მონაწილეობა მიეღო და თავისი წვლილი შეეტანა მომავლის აერონავტიკის განვითარებაში. გამოწვევის მთავარი მიზანი იყო, შეექმნათ კომერციული თვითმფრინავი, რომლის იმპლემენტაცია რეალური იქნებოდა 2025-2035 წლებში. წამოწყებას "გრიფონის" სახელწოდებით შესანიშნავი შედეგი მოჰყვა. ამ 12 ამერიკელ სტუდენტს შორის ერთ-ერთი ჩვენი თანამემამულე - კოლუმბიის საინჟინრო სკოლის სტუდენტი გიორგი მჭედლიშვილია. გიორგი უშუალოდ "გრიფონის" ძრავაზე - წვისა და გაგრილების სისტემების ოპტიმიზაციაზე მუშაობდა. ამჟამად გიორგი თბილისშია და "კვირის პალიტრის" რესპონდენტია.
- თბილისი ჩემი მშობლიური ქალაქია და ის ადრეც და ახლაც ზუსტად იმ მოგონებებსა და ურთიერთობებთან ასოცირდება, რომლითაც ყოველდღიურად ვსაზრდოობ. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და განსაცდელისა, ჩვენი დედაქალაქი განაგრძობს წინსვლას. თუმცა, ვისურვებდი, რომ ამ პროცესში საზოგადოების, განსაკუთრებით კი - ახალგაზრდების აქტიურობა მეტი ყოფილიყო. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მივაღწიეთ, მთავარ გამოწვევად ისევ ნიჰილიზმი რჩება. ამის მთავარ მიზეზად ადამიანებს ყოველდღიური გაჭირვება თუ უსამართლობა მოჰყავთ, მაგრამ მე ამ არგუმენტს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, რადგან ასეთი უიმედობა, უპირველესად, საზიანოა იმ ადამიანისთვის, რომელიც ასე უყურებს თავის და ქვეყნის მომავალს.
ადამიანის გაძლიერება კი მომავლის რწმენის დაბრუნებით იწყება, რაც აუცილებლად პოზიტიურად აისახება მის ცხოვრებაზე. სხვაგვარად ყველა ერთ წრეზე ტრიალებს, და იმ აზროვნების მორევში ვარდება, სადაც ნიჰილიზმი მძვინვარებს. ეს ეხება ჩვენი საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს.
- თქვენი ოცნებები ამერიკულ ცხოვრებამდე რამდენად დაემთხვა თქვენს დღევანდელობას?
- ჩემი დღევანდელი ცხოვრება, რა თქმა უნდა, აჭარბებს ჩემს ოცნებებს. ეს, ბუნებრივია, რადგან ცხოვრებისეული გამოცდილებისა და განვლილი გზის გარეშე ოცნებებიც არცთუ ამბიციური მქონდა. თუმცა მთავარი ამ ოცნების მისაღწევად გასავლელი გზაა და არა - კონკრეტულად რომელიმე "ოცნება, რომელიც ძალიან მარტივად რეალობად იქცევა ხოლმე.
- თბილისურიდან ამერიკულ ცხოვრების წესზე გადასვლა, ალბათ, ძნელი იყო...
- ვიცოდი, სად მივდიოდი და გააზრებული მქონდა ჩემი მიზნები, რომლებიც რეალობად უნდა მექცია. ამ გზაზე ჩემთვის მოტივის მომცემი ორი მთავარი ფაქტორი იყო: ჩემი პირადი ამბიცია და ჩემი ოჯახი, რომლის წინაშეც უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.
- თვლით, რომ გაგიმართლათ? NASA-ს პროექტს ვგულისხმობ...
- ძალიან ბევრი ვიშრომეთ. ჩვენი ტექნიკური ნაშრომით წარვადგინეთ კომერციული ავიაციის პრობლემების გადაჭრის გზები. ჩვენ დავაკმაყოფილეთ NASA-სა და გერმანული კოსმოსური ცენტრის, DLR-ის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე ამერიკასა და გერმანიაში წარმოდგენილი ყველა კრიტიკული მოთხოვნა. ჩვენ მიერ შექმნილი კომერციული თვითმფრინავის სრულყოფილ მოდელს ტურბოელექტრული ძრავის სისტემა აქვს და შერეული აეროდინამიკური აგებულებით ამცირებს საწვავის მოხმარებას 60%-მდე, მავნე ნივთიერებების, კერძოდ, აზოტის ოქსიდების და ნახშირბადის გამოშვებას - 78%-მდე და ხმაურს - 42 დეციბალით. ჩემმა გუნდმა კოლუმბიის უნივერსიტეტის სახელით პირველად მიიღო მონაწილეობა NASA-ს და DLR-ის ამ საინჟინრო გამოწვევაში და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ პირველი გამარჯვება მოვუტანეთ კოლუმბიის უნივერსიტეტს. ამავდროულად, ამაყი ვიყავი, როდესაც ჩვენ შესახებ სტატია გამოქვეყნდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ოფიციალურ საიტზე, მსოფლიოში ცნობილი მეცნიერების, მათ შორის - ნობელის პრემიის ლაურეატების გვერდზე. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ მაშინ გავაანალიზე, რამხელა წარმატებას მიაღწია ჩვენმა გუნდმა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში არ არსებობს ავიაციური ინჟინერიის დეპარტამენტი და ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ენთუზიაზმზე ვმუშაობდით. კითხვის გაგრძელება