„2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ოჯახის ჯანდაცვის ხარჯების ძირითადი წილი მედიკამენტებზე მოდის და 69 %-ს შეადგენს“ - ამის შესახებ „კურაციოს“ მიერ გამოქვეყნებულ ბარომეტრის მე-11 ტალღის შედეგებშია აღნიშნული.
კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მიმოიხილავს. კერძოდ, აანალიზებს არსებულ სურათს, აფასებს სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ხაზს უსვამს სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველო ფარმაცევტული დანახარჯის წილით ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში მოწინავე ადგილს იკავებს. ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდის მიუხედავად, 2012 წლიდან 2015 წლამდე 6%-ით მოიმატა იმ ოჯახების რაოდენობამ, რომელთაც ჯანდაცვაზე კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. მსოფლიო ბანკის ექსპერტთა მოსაზრებებით კი ასეთი ოჯახების მატება მოსახლეობაში ფარმაცევტულ საშუალებებზე დახარჯული თანხების მატებასთან არის დაკავშირებული (სახელმწიფო დანახარჯების მიმოხილვა, მსოფლიო ბანკი 2017).
„2012 წლის შემდეგ მედიკამენტების ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება. ორიგინალ ბრენდებზე ფასების ზრდის მიუხედავად, მათზე ფიზიკური ხელმისაწვდომობა 2-ჯერ უფრო მაღალია გენერიკებთან შედარებით. შინამეურნეობების დაახლოებით 27.8% აღნიშნავს, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემაა. მედიკამენტებზე დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ნაწილისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს.
ფარმაცევტული სექტორი რომ ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამაზე ასევე მიუთითებს შემდეგი მონაცემები: ჯანდაცვის მთლიან დანახარჯში წამყვანი წილი (36%) კვლავ მედიკამენტებზე დანახარჯს უჭირავს; წამლების ძირითადი დამფინანსებელი შინამეურნეობებია (97%), ხოლო სახელმწიფოს წილი მწირია (1%) მედიკამენტებზე დანახარჯი ზრდის მაღალი ტემპით ხასიათდება და მოსალოდნელია, რომ – 2022 წლამდე დანახარჯი საშუალოდ 7.5%-ით გაიზრდება წელიწადში. მედიკამენტებზე დანახარჯის ტვირთი განსაკუთრებით მძიმეა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის: ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯის 76% ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მიერ გადახდილი თანხებით არის შედგენილი, რომლებიც მედიკამენტებზე თვეში საშუალოდ 56 ლარს ხარჯავენ.
ბარომეტრის რესპონდენტები საკუთრივ ფარმაცევტული სექტორის გამოწვევებად, მედიკამენტების მაღალი ფასების გარდა, მედიკამენტების დაბალ ხარისხს; ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს; პოლიპრაგმაზიას და სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ ბაზარს მიიჩნევენ.
ფარმაცევტულ სექტორში არაკონკურენტულ გარემოსა და სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ სფეროზე სხვა წყაროებიც მიუთითებენ. კერძოდ, ფარმაცევტული ბაზრის ნაკლებ კონცენტრაციასა და ბაზრის მნიშნვნელოვანი ნაწილის - დაახლოებით 70- 75% ოთხ-ხუთ მსხვილ კომპანიაზე გადანაწილებაზეა საუბარი. სწორედ სუსტად რეგულირებულ ფარმაცევტულ სფეროს უკავშირებენ საქართველოში მედიკამენტებზე ფასნამატის მკვეთრ ზრდას,“-აღნიშნულია კვლევაში.