საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.„ბიზნესპრენიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს ბინის გაქირავება თბილისის სხვადასხვა უბანში.
ss.ge-ზე გამოქვენებული განცხადებების მიხედვით, 50კვ/მ ბინის ქირის ფასი თბილისში 300 ლარიდან იწყება და უბნების მიხედვით 400 დოლარამდეც კი ადის. ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ბინა და რომელ უბანში მდებარეობს.
გასაქირავებელი ბინის ფასები ss.ge-ზე:
ვაკე-საბურთალო - 300 დოლარიდან
ისანი-სამგორი - 350 ლარიდან
გლდანი-ნაძალადევი - 300 ლარიდან
დიდუბე-ჩუღურეთი - 400 დოლარიდან
ძველი თბილისი - 450 ლარდიდან
კერძო სახლის გაქირავების ფასი ss.ge-ზე:
ვაკე-საბურთალო - 1000 დოლარიდან
ისანი სამგორი - 400 ლარიდან
გლდანი-ნაძალადევი - 300 დოლარიდან
დიდუბე-ჩუღურეთი - 300 ლარიდან
ძველი თბილისი - 600 ლარიდან
როგორც უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ბინის ქირის საფასური არ გაზრდილა, რადგან ბოლო პერიოდში მოთხოვნა შემცირდა.
„ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა არ გაზრდილა. პირიქით, ბინები, რომელიც 600 დოლარში ქირავდებოდა, დღეს 50-100 დოლარით არის შემცირებული. უფრო მეტად დაბალფასიან ბინებზეა მოთხოვნა, ვიდრე მაღალფასიანზე. ძირითადად მოთხოვნადია 1-2 ოთახიანი საცხოვრებელი ბინები. 1 ოთახიანი ბინის ფასი 250-300 დოლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო 2 ოთახიანი ბინები დაახლოებით 350-400 დოლარი ღირს.
ვფიქრობ, ბინის დაქირავებაზე მოთხოვნა ქალაქში სამუშაო ადგილებზეა დამოკიდებული. ხალხი რეგიონებიდან ჩამოდიოდა სამუშაოდ, ახლა კი ეს შემცირებულია,“ - განაცხადა გოგუაძემ.
რაც შეეხება კერძო სახლებს, მას მხოლოდ მაშინ ქირაობენ, თუ ბაღის ან სკოლის გახსნა სურს ვინმეს.
„ბაღებისა და სკოლების გახსნის მიზნით ხშირად კერძო სახლს ქირაობენ. ძირითადად ბაღებზეა მოთხოვნა. მოთხოვნადია ისანი, ორთაჭალა, საბურთალო. ისეთი ადგილებია მოთხოვნადი, სადაც მოსახლეობა მეტია და ბაღი ნაკლები. მართალია, საბურთალოზე ბევრი ბაღია, მაგრამ მოთხოვნაც მეტია. ასეთი ტიპის სახლების ქირის ფასი 1000 დოლარიდან 3 000 დოლარამდე მერყეობს. ფასი დამოკიდებულია - ადგილმდებარეობაზე, ფართზე, ასევე აქვს თუ არა ეზო,“ - განაცხადა გოგუაძემ.
ლიკა ამირაშვილი