ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე კონტროლის გამკაცრება იგეგმება

ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობაზე რეაგირების გამკაცრება იგეგმება.ამ მიზნით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები: ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი არიან.

კერძოდ, საუბარია, ტრანსპორტში მგზავრების უბილეთო მგზავრობაზე, ასევე, ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანაზე კონტროლის გამკაცრებაზე.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, გამომდინარე იქიდან რომ საჯარიმო ქვითრის შედგენა ხდებოდა ხელით, დიდი იყო ალბათობა რომ არასწორი ინფორმაცია მიეთითებინა ოქმის შემდგენელს, რა შემთხვევაშიც საჯარიმო ქვითარი უქმდებოდა.

„სამართალდამრღვევი პიროვნების დადგენა პრაქტიკაში ვერ ხორციელდება, მოწმეთა არარსებობის ან მათ მიერ ინფორმაციის არასრულად/არასწორად მიწოდების, ასევე, პოლიციაში მიყვანასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ვინაიდან, უშუალოდ დამჯარიმებელ პირს სამართალდამრღვევის პოლიციაში იძულებით მიყვანის ან/და საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაყოვნების ბერკეტი არ გააჩნია. მაგალითისთვის, 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით, აღსრულების მიზნით გაგზავნილი 23 175 საჯარიმო ქვითრიდან, არასწორად შევსებული მონაცემების გამო, ხარვეზით დაბრუნებულ იქნა 11 189, რის შედეგადაც საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და სამართალდამღვევი პირის ჩადენილ ქმედებაზე ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული სახდელის დადება.

შესაბამისად, კანონპროექტის მიზანია, საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობის საფუძველზე მიანიჭოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება, რათა მათ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება, ასევე, მინიმუმამდე შემცირდეს არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად/არასწორად შევსებული მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა,“-აღნიშნულია პროექტში.

ცნობისთვის, უბილეთო მგზავრობის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შემთხვევაში მოქალაქეები 5 ლარით, ხოლო საჯარიმო ქვითრის მიღებიდან 30 დღიანი ვადის გაშვების შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებიან.