1-ლი ნოემბრის საბანკო რეგულაციების ცვლილების შესახებ

„სესხების გაცემაზე ახალი რეგულაციების შემოღება საბანკო სექტორს შეიძლება არ მოსწონს. ნებისმიერ შემთხვევაში გამკაცრება არავისთვის არ არის სასურველი, თუმცა მისი შემოღება გარკვეულწილად აუცილებლობით იყო გამოწვეული"-ამის შესახებ "პალიტრანიუსთან" საუბრისას „ხალიკ ბანკის" გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.

ნიკოლოზ გეგუჩაძის განმარტებით, ახალი რეგულაციების ტექნიკური საკითხების დახვეწის მიმართულებით მოლაპარაკებები ეროვნულ ბანკთან გრძელდება.

„ბანკებისთვის უმჯობესია უფრო ლიბერალური მიდგომა, თუმცა ეროვნულ ბანკს აქვს საკუთარი ხედვა. რეგულაციების შემოღება იმისთვის იყო საჭირო, რომ ჭარბვალიანობა არ გამხდარიყო სერიოზული პრობლემა ქვეყნისთვის", - აღნიშნა გეგუჩაძემ.

„მოსახლეობის  გარკვეულ  რაოდენობას  დასჭირდება  შემოსავლის  ჩვენება,  რათა  სესხის  აღება  მათთვის  პრობლემა  არ  გახდეს.  ჩვენ რომ გვკითხოთ, ამ რეგულაციების 2020 წლისთვის გადადებაც კარგი იქნებოდა, თუმცა რეგულატორს აქვს თავისი ხედვა საკითხთან დაკავშირებით და ბევრად მეტი ინფორმაცია საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე,"-აღნიშნა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

როგორც ცნობილია, 2018 წლის 1-ლი ნოემბრიდან კომერციული ბანკებისთვის ძალაში შედის „ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულება", რომელიც ეროვნულმა ბანკმა მოამზადა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს მსესხებლის გადახდისუნარიანობის დეტალურად შესწავლის ვალდებულება ექნებათ. ასევე, ამ დებულებით განსაზღვრულია, თუ რა მოცულობის თანხის გადახდა მოუწევთ ყოველთვიურად მსესხებლებს საკუთარი შემოსავლიდან გამომდინარე.  

ქრისტინე გამთენაძე

R